Accessibility links

პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა


საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით ”მეტი სარგებელი ხალხს.” პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს შს-თა მინისტრის პოსტზე შეცვლის ბაჩო ახალაია. როგორც დღეს მერაბიშვილმა განაცხადა, ახალაიას საუკეთესო კანდიდატურის წარდგენა იყო მისი ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინი შეცვლის, მის ნაცვლად კი, განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენილია გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში აღარ იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი. ამ თანამდებობაზე წარდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი. მინისტრთა კაბინეტში იქნება კიდევ ერთი ახალი წევრი, ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე, რომელიც ახლად შექმნილ, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს პარლამენტი კენჭს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის.
XS
SM
MD
LG