Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: გორში აქცია ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება


გორის გამგეობამ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 15 ივლისს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა. გამგეობის ოფიციალური პასუხის თანახმად, "ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს” და შესაბამისად, მიზანშეუწონელია ამ ტერიტორიის პარალიზება. გორის მუნიციპალიტეტმა ”ქართულ ოცნებას” აქციის ჩატარება ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შესთავაზა. გამგეობის პასუხს გორში კოალიციის წარმომადგენლებმა აბსურდული უწოდეს, რადგან მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ნებისმიერი მცირემასშტაბიანი ღონისძიების დროსაც კი უპრობლემოდ კეტავს ქალაქის ცენტრალურ მოედანს. "ქართულმა ოცნებამ" გორის გამგეობის მიერ ნებადართულ ტერიტორიაზე აქციის ჩატარებაზე უარი თქვა და მას ალტერნატიული ადგილის დათმობა შესთავაზა. "ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირველ წინადადებაზე ყოველთვის უარს გვეუბნება და როცა მეორე შეთავაზება გაქვს, ნებართვას ვიღებთ”, - განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ალტერნატიული ადგილი გორის გამგეობიდან პასუხის მიღებისთანავე გამოცხადდება, თავად აქცია კი ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG