Accessibility links

ნატომ პაკისტანზე გამავალი მარშრუტებით სარგებლობა განაახლა


პაკისტანის წარმომადგენლების თქმით, ხუთშაბათს, შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, პაკისტანზე გამავალი სახმელეთო მარშრუტებით ნატოს ტვირთების ავღანეთში გადატანა განახლდა.

სამშაბათს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა „გულწრფელი სამძიმარი“ გამოუცხადა პაკისტანს გასული წლის ნოემბერში ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად შეცდომით 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დახოცვის გამო, ისლამაბადი მარშრუტების გახსნაზე დათანხმდა. პაკისტანმა მაშინ სატრანზიტო გზები ჩაკეტა პროტესტის ნიშნად და მათი გახსნის პირობად ვაშინგტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ვაშინგტონი თვეების მანძილზე უარს ამბობდა ბოდიში მოეხადა ამ ინციდენტის გამო - ინციდენტისა, რომელსაც ნატომ სამწუხარო, უბედური შემთხვევა უწოდა.

ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივანი, გერმანული ბრიგადის გენერალი გიუნტერ კაცი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასე გამოეხმაურა ახალ ამბავს: „მხურვალედ მივესალმებით პაკისტანის სახმელეთო საკომუნიკაციო მარშრუტების კვლავ გახსნას. ამ სახმელეთო საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნის პირველ ეტაპზე ყურადღება მახვილდება გზაში გაჩერებული ტვირთების გატანაზე.“

კაცის თქმით, ამ ნაბიჯით პაკისტანმა აშკარად გამოავლინა იმის სურვილი, რომ წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის შექმნაში როგორც საკუთრივ ავღანეთის, ისე მთელი რეგიონისათვის.

ბლოკადის გამო ნატო იძულებული იყო ავღანეთში კონტინგენტის მოსამარაგებლად ესარგებლა უფრო გრძელი და ძვირად ღირებული ჩრდილოეთის მარშრუტებით, რომლებიც რუსეთსა და შუა აზიაზე გადის. პენტაგონის თანახმად, ტრანზიტზე პაკისტანის მიერ დაწესებული აკრძალვა აშშ-ის არმიას თვეში 100 მილიონ დოლარამდე უჯდებოდა.

ათასობით სატვირთო მანქანა და ტანკერი კარაჩის პორტშია გაჩერებული.
სატრანზიტო გზების გახსნამ შეამცირა ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობა.

ნატო პაკისტანს ხშირად ადანაშაულებს იმაში, რომ ექსტრემისტებს საშუალებას აძლევს მისი ტერიტორია ავღანეთში თავდასხმების მოსაწყობად გამოიყენონ.
პაკისტანი, თავის მხრივ, აშშ-ს მისი სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს, როცა ჩრდილო-დასავლეთში, თემურ რეგიონებში ექსტრემისტებზე საჰაერო იერიშები მიაქვს.

სატრანზიტო გზების გახსნაზე შეთანხმებით, ვაშინგტონი პაკისტანის სამხედრო ძალებს მიაწვდის დამატებით მილიარდ დოლარზე მეტს მეამბოხეების საწინააღმდეგო ოპერაციების დასაფინანსებლად.

ავღანეთისკენ მიმავალ სახმელეთო გზებს დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ ავღანეთიდან სამხედრო ძალის გამოყვანის პროცესში.

პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, გზების გახსნის მიუხედავად, სატვირთო მანქანებს ავღანეთში გადასვლამდე რამდენიმე დღე მოუწევთ დაცდა, სანამ ის ზომები დადგინდება, რომლითაც თალიბანის ექსტრემისტებისგან თავდასხმები უნდა მოიგერიონ.

პაკისტანის თალიბანმა პირობა დადო, რომ სატვირთო მანქანებზე თავდასხმებს განახორციელებს და მძღოლებს დახოცავს, იმ შემთხვევაში, თუ განახლდება ავღანეთში ტვირთების გადაზიდვა.

გზების ჩაკეტვამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ნატოს ასობით ავტოკოლონა გახდა თავდასხმების სამიზნე.
XS
SM
MD
LG