Accessibility links

logo-print

"სირიის მეგობართა ჯგუფი": ალ-ასადი უნდა წავიდეს


აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოწოდება გამოთქვეს, გაუმკაცრდეს სანქციები სირიას. მათვე მძაფრად გააკრიტიკეს რუსეთი და ჩინეთი სირიის კონფლიქტის დასრულების ზომებისთვის ხელის შეშლის გამო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, პარასკევს, პარიზში დღეს დასრულებული „სირიის მეგობრების“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაა საჭირო სირიაში პოლიტიკური ცვლილების შესახებ, რომელსაც ზურგი უნდა გაუმაგროს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის და მისი ახლო წრის მიმართ სანქციებმა. მანვე თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ასადის წინააღმდეგ სანქციების ბლოკირების გამო „საფასურს გადაიხდიან“. მასპინძელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს: „მეტი სადავო აღარ არის, რომ ამ კრიზისმა საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ: ბაშარ ალ-ასადი უნდა წავიდეს. უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა. ეს ყველას ინტერესებშია“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასამდე ქვეყნის წარმომადგენლები. რუსეთი და ჩინეთი კონფერენციას არ დასწრებიან.
XS
SM
MD
LG