Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 10 ივლისი


რუსეთში გამომავალი გაზეთების დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ წერს. „რეფორმატორი ნებისმიერ ფასად“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული 9 ივლისის „ოგონიოკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომლის ავტორი ოლგა ალიონოვა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილს ახასიათებს როგორც პრინციპულ და უნარიან მენეჯერს, რომელმაც, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლო ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწყების - შინაგან საქმეთა სამინისტროს - წარმატებით რეფორმირება, რამაც საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმები ყველა სხვა მიმართულებითაც წარმატებით განეხორციელებინა. სტატიის მიხედვით, პოლიციის რეფორმასა და მინისტრ ვანო მერაბიშვილის წარმატებას საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ძალებიც აღიარებენ, თუმცა, ოლგა ალიონოვას თქმით, ვანო მერაბიშვილის მაღალ ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც მოწმის სტატუსით ყოფილი მინისტრის მეუღლე ფიგურირებდა. დამნაშავე პოლიციელები დაისაჯნენ, მინისტრიც თითქოს გაშორდა მეუღლეს, მაგრამ, სტატიის ავტორის თქმით, ვანო მერაბიშვილს არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ გირგვლიანის მკვლელობა ის ლაქაა, რომელიც მის ბიოგრაფიას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

სტატიის მეორე ნახევარში განხილულია ვანო მერაბიშვილის, როგორც სააკაშვილის მემკვიდრის, შანსები. ლაპარაკია იმაზე, რომ მერაბიშვილს მთელი რიგი მიზეზების გამო გაუჭირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მოგება. გირგვლიანის მკვლელობის გარდა, სტატიის ავტორი მერაბიშვილის ხინჯად მიიჩნევს აღმსარებლობას, კათოლიკობას, რაც, მისი აზრით, ქვეყანაში, სადაც 95 პროცენტი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, უმნიშვნელო ფაქტორი სულაც არ არის. თუმცა 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგად პრეზიდენტობისათვის ბრძოლას აზრი დაეკარგა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ლიდერი პარლამენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი იქნება. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის მომავალსაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში ნატოს ტვირთების ტრანზიტის დაწყების შესახებ წერს: რკინიგზის საშუალებით რიგაში დატვირთული კონტეინერების ჩატანას უზბეკეთ-ავღანეთის საზღვრამდე 22 დღე დასჭირდა. 1 აგვისტოდან იწყება საავიაციო გადაზიდვები ულიანოვსკის გავლით, თუმცა, სტატიის მიხედვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო რუსეთის რკინიგზით აღარ ისარგებლებს. ირკვევა, რომ რკგინიგზა, საავიაციო მიმოსვლასთან შედარებით, 10-ჯერ ნელი, მაგრამ 15-ჯერ იაფი ყოფილა. ტრანზიტისათვის, რუსეთის ტერიტორიის გარდა, ასევე გამოიყენება ლატვიის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ტერიტორიები. სტატიაში მოტანილია რუსეთში დაფუძნებული თანამედროვე ავღანეთის შესწავლის ცენტრის ექსპერტის ანდრეი სერენკოს კომენტარი, რომლის თანახმადაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ტრანზიტისათვის სამხრეთის დერეფნის ალტერნატიულ გზებს ეძებენ: „საფ უძვლიანად განიხილება გზა ავღანეთიდან ყაზახეთის აქტაუმდე. აქტაუდან ზღვით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოს პორტებიდან გემებით შავი ზღვიდან ატლანტიკის ოკეანემდე.“ სტატიის მიხედვით, ამ მარშრუტს აქტიურად ლობირებენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც ამერიკისგან, მატერიალურის გარდა, პოლიტიკური სარგებლის მიღებასაც ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG