Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის სარჩელები


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფონდ "ქომაგისა" და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის სარჩელები და შესაბამისად, უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფონდის ანგარიშების დაყადაღებისა და 952 ათასი ლარით გიორგობიანის დაჯარიმების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. რაც შეეხება ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ პროცედურებს, ბარათაშვილის განმარტებით, დაიწყება იძულებითი აღსრულება, რომლის შედეგად "ქომაგის" დაყადაღებული ანგარიშიდან თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. იძულებითი აღსრულება შეეხება ბიძინა გიორგობიანსაც, თუმცა, როგორც მან დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქართველოში არანაირ ქონებას არ ფლობს. გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევს და მათ გერმანიაში გაასაჩივრებს. ”ქომაგისა” და ბიძინა გიორგობიანის მიმართ სანქციები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც კონტროლის პალატამ ისინი ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულად მიიჩნია. ამ კავშირს უარყოფენ როგორც ფონდი, ასევე გიორგობიანი, რომლის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დასახმარებლად შექმნილ ”ქომაგში” 90 ათასი ევრო არა პირადად მან, არამედ გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა გადარიცხა.
XS
SM
MD
LG