Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტების გამო


ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიერ სხვა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბოლოდროინდელი ფაქტების გამო, სახალხო დამცველმა დღეს განცხადება გაავრცელა. გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ჟურნალისტთა ნაწილის მიერ სამუშაო პროცესში სხვა ჟურნალისტებისთვის დაბრკოლებების შექმნა და უპატივცემულო და არაკოლეგიური დამოკიდებულება. ”უდავოა, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, თუმცა ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტების მიერ ეთიკის ნორმების და პროფესიული სტანდარტების დაცვას და სამართლიანობისა და პატივისცემის პრინციპებით მოპყრობას ყველა ფიზიკური, თუ იურიდიულ პირისადმი. ”მით უფრო მიუღებელად ვთვლი საინფორმაციო სააგენტოებისა, თუ სხვა მედიასაშუალების წამომადგენლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათი პროფესიული საქმიანობის დაბრკოლებას”, - აცხადებს გიორგი ტუღუში. მან მოუწოდა ყველა მედიასაშუალებას, მათ წარმომადგენლებსა და მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ყველა პირს, მკაცრად დაიცვან პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც კოლეგების შეურაცხმყოფელია, კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს და დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.
XS
SM
MD
LG