Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს მიმართეს "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადასაყვანად


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადასაყვანად სასამართლოს მიმართა. აღსრულების ბიუროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცხადებულ აუქციონზე კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა რეალიზაცია ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ის ,,ქართუ ჯგუფში" და 21,7%-ის "პროგრეს ბანკში" და ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადასაყვანად. ”იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას”, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში. მისივე განმარტებით, იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში. თავის მხრივ, ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი კომპანიები აცხადებენ, რომ იძულებითი პროცედურები სხვისი ქონების ექსპროპრიაციაა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფის” არცერთი აქციის მფლობელი არ არის. მათ ასევე განაცხადეს, რომ საკუთარ უფლებებს საერთაშორისო სასამართლოებში დაიცავენ.
XS
SM
MD
LG