Accessibility links

logo-print

საქართველოს ”ევროპული გზა” შტეფან ფიულეს შეფასებით


ბათუმში გამართული მე-9 საერთაშორისო კონფერენცი

ბათუმში გამართული მე-9 საერთაშორისო კონფერენცი

დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ოქტომბერში გამოიცდება და შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან არჩევნების ხარისხზე იქნება დამოკიდებული, - დაახლოებით ამ შინაარსის ძირითადი აქცენტები იკვეთება ევროკომისარ შტეფან ფიულეს განცხადებებში, რომლებიც მან საქართველოში ჩამოსვლამდე თუ ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა. ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში საქართველოს სტუმრობდა ბათუმში მიმდინარე მე-9 საერთაშორისო კონფერენციის - ”საქართველოს ევროპული გზის” - ფარგლებში. პარალელურად გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

”საქართველო ამ დღეებში ერთგვარად იქცა ევროპული პოლიტიკის ცენტრად, სადაც მსჯელობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის ინტეგრაციაზე და ჩვენს პერსპექტივაზე ევროკავშირთან დაახლოებასა და, საბოლოო ჯამში, გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა 11 ივლისს გიორგი ბარამიძემ, ვიცე-პრემიერმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. ის, როგორც ორგანიზატორი უწყების ხელმძღვანელი, ფრიად კმაყოფილია, რომ წელს რიგით მე-9 საერთაშორისო კონფერენცია - ”საქართველოს ევროპული გზა” - მხოლოდ მინისტრების დონეზე არ იმართება და რომ მასში ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერები, დეპუტატები და ცნობილი ანალიტიკოსები მონაწილეობენ.

თუმცა ”საქართველოს ევროპული გზის” კარი ძირითადად დახურული აღმოჩნდა მედიისთვის და, მაგალითად,11 ივლისს ჟურნალისტებისთვის გამომსვლელთა განცხადებების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტები გახდა ხელმისაწვდომი გასაშუქებლად. სამაგიეროდ, ევროკომისიის ოფიციალური ვებსაიტი აქვეყნებს სრულ ტექსტს, თუ რაზე ისაუბრა კონფერენციის მაღალმა სტუმარმა - შტეფან ფიულემ - ბათუმში. თუკი მოკლედ ვიტყვით, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების საქართველოს სამაგალითო გარდაქმნას და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ”სწორი მიმართულებით” სვლის შეჩერება მიუღებელია, ქვეყანაში მიღწეული პროგრესი მომავალმა არჩევნებმა უნდა გამოსცადოს და რომ ოქტომბრის არჩევნები ”გადამწყვეტი” იქნება საქართველოსთვის.

შტეფან ფიულეს თქმით, არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს და რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დაიძლიოს პოლარიზაცია.
შტეფან ფიულე

შტეფან ფიულე


„ასევე გვჭირდება თავიდან ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე, რაც არის გამოწვევა როგორც კონსტრუქციული ხელისუფლებისთვის, ასევე კონსტრუქციული ოპოზიციისთვის”, - აღნიშნავს შტეფან ფიულე და იქვე დასძენს, რომ ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თანმდევი უნდა იყოს პატივისცემა კანონის უზენაესობისა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების“.

ბათუმის კონფერენციაზე გამოსვლისას შტეფან ფიულემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მზადყოფნა, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ 6 ქვეყანას (მათ შორის - საქართველოს) კვლავაც დაეხმაროს პრინციპით - „მეტი მეტის სანაცვლოდ“, რაც ნიშნავს მეტ მხარდაჭერას მეტი წარმატებული რეფორმის სანაცვლოდ. ამ კონტექსტში შტეფან ფიულე მოხარულია, რომ საქართველოს 2012 წელს დამატებით 22 მილიონ ევროს დახმარებას მოუტანს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა ძირითადად გამიზნულია სისხლის სამართლის სექტორისთვის (სპეციალური ფოკუსირებით ადამიანის უფლებებზე) და სასაზღვრო და სამიგრაციო მენეჯმენტისთვის.

დამატებითი 22 მილიონი ევროს ამბავი ევროკომისარმა ფიულემ ქართული პრესისთვის 10 ივლისს ბათუმში ვიზიტამდე გამოგზავნილ სტატიაშიც ახსენა და იქვე მიუთითა, რომ მომავალი დახმარების ბედი ოქტომბრის არჩევნების ხარისხზე იქნება დამოკიდებული: ”შემდგომი წინსვლის მიღწევის შემთხვევაში, განსაკუთრებით შემოდგომაზე გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, 2013 წელს კვლავ იქნება განხილული საქართველოსათვის "მეტი მეტის სანაცვლოდ" მხარდაჭერა.”

ქართული მედიისთვის გამოგზავნილ წერილში შტეფან ფიულემ გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში 28 ივნისის შეხვედრა, რომლის შემდეგაც ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „სულ უფრო შეშფოთებულია” საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ”პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ზრდით“.
მე ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში პატივი სცენ საარჩევნო პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვისაა სასიკეთო...

”როდესაც ცოტა ხნის წინ კეთრინ ეშტონი და მე შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენ მივესალმეთ ბოლოდროინდელი რეფორმის მიღწევებს საქართველოში. კერძოდ, მივულოცეთ პრეზიდენტს ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. თუმცა ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით, რომ საჭიროა ვითარების გამოყენება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და საქართველოს ინკლუზიური ეროვნული განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში - ჩვენ გვსურს, რომ საარჩევნო პროცესმა დააკმაყოფილოს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები, მაგრამ ასევე იყოს "ღრმა დემოკრატიის" ნიმუში, როდესაც უზრუნველყოფილია მედიის ხელმისაწვდომობა ყველა კანდიდატისათვის და გარანტირებულია პრესისა და შეკრების თავისუფლება და იქმნება გარემო, რომელიც გამოსადეგია საკითხებზე და არა პროცესებზე საბრძოლველად. მე ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში პატივი სცენ საარჩევნო პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვისაა სასიკეთო”, - ვკითხულობთ შტეფან ფიულეს მიერ ქართული მედიისთვის გამოგზავნილ სტატიაში.

საქართველოში ჩამოსული შტეფან ფიულე 10 და 11 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებს როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა. ”მას აინტერესებდა ვინ ვიყავი მე და, ვფიქრობ, გაიგო”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 10 ივლისს, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა აზრი ჩამოუყალიბდა შტეფან ფიულეს ბიძინა ივანიშვილის შესახებ. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერზე ევროკომისარმა მეტად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, სხვათა შორის, იმის გამოც, რომ შტეფან ფიულე ”გულწრფელად” გამოხატავს თავის აზრს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით:

”შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ის ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას საქართველოში და, ჩემი აზრით, არის ძალიან პრინციპული პოლიტიკოსი. ვფიქრობ, მას შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო პრინციპული პოზიცია დაიჭიროს ჩვენი ქვეყნისათვის.”
გარდა მედიამონიტორინგის პროექტისა, რომელსაც ევროკავშირი უკვე ახორციელებს საქართველოში, ვისაუბრეთ რამდენიმე სხვა პროექტზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირი უფრო მეტად ჩართული იყოს წინასაარჩევნო პროცესში, უფრო მეტად ჩართული თვითონ არჩევნების დღის ორგანიზებაში...

წინასაარჩევნო პროცესები შტეფან ფიულესთან ინდივიდუალური საუბრის ძირითად თემას რომ წარმოადგენდა, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ევროკომისარი დახმარების გზებს ეძებს:

”მას აინტერესებდა, უშუალოდ ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს საიმისოდ, რომ ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტული გარემო, ამაღლდეს ნდობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ და არჩევნების შედეგების მიმართ განსაკუთერებით იყოს სანდოობის მაღალი ხარისხი. ”

”შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი მომავალ არჩევნებზე”, - ეს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 11 ივლისს, ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფიულესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მართალია, კონკრეტული პროექტების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ პარლამენტის თავჯდომარე კმაყოფილებას გამოხატავს:

”გარდა მედიამონიტორინგის პროექტისა, რომელსაც ევროკავშირი უკვე ახორციელებს საქართველოში, ვისაუბრეთ რამდენიმე სხვა პროექტზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირი უფრო მეტად ჩართული იყოს წინასაარჩევნო პროცესში, უფრო მეტად ჩართული თვითონ არჩევნების დღის ორგანიზებაში... და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლაც გვეყოლება ნეიტრალური და კომპეტენტური დამკვირვებლები.”

პროექტებზე, რომლებიც, დავით ბაქრაძის თქმით, უკვე შეთანხმებულია, არაფერი უთქვამს თავად შტეფან ფიულეს. მედიის დიდი ინტერესის მიუხედავად, ევროკომისარმა ბათუმი პრესკონფერენციის გარეშე დატოვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG