Accessibility links

logo-print

რუსი პარლამენტარები ცდილობენ, არ დაუშვან მაგნიტსკის საქმეზე აშშ-ის სანქციების მიღება


რუსი პარლამენტარების დელეგაცია ვაშინგტონში ატარებს მოლაპარაკებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სერგეი მაგნიტსკის საქმის გამო შეერთებული შტატების შესაძლო სანქციები ათობით რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოთხმა წევრმა ვაშინგტონში ჩაიტანა დოსიე, როგორც ცნობებშია ნათქვამი, მაგნიტსკის საქმეზე აქამდე უცნობი დოკუმენტებით. დოსიეს, რომელიც რუსმა პარლამენტარებმა ამერიკელ სენატორებს წარუდგინეს, გაეცნენ ჩვენი რადიოს კორესპონდენტებიც. მათი თქმით, დოსიეში თავმოყრილი დოკუმენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაგნიტსკის წამებისა და მისი გარდაცვალების არაობიექტურად გამოძიების ბრალდებებს. ნათქვამია აგრეთვე, რომ მაგნიტსკი ბოროტმოქმედი იყო. მაგნიტსკი 2009 წელს, ციხეში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც კორუფციაში დაადანაშაულა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეერთებული შტატების კონგრესი აპირებს, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს მაგნიტსკის სიკვდილთან კავშირის მქონე ოფიციალური პირების წინააღმდეგ. როგორც რუს პარლამენტარებს ჟურნალისტებთან საუბარში აქვთ ნათქვამი, სანქციების მიღებამ შესაძლოა, რამდენიმე ათწლეული იქონიოს უარყოფითი გავლენა ორმხრივ ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG