Accessibility links

დღევანდელი პრესა ეხმაურება ტელეკომპანია “მაესტროს” ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას. გაზეთების უმრავლესობაში ქვეყნდება “მაესტროს” ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა ღლონტთან ინტერვიუები. “რეზონანსის” პირველ გვერდზე გამოტანილია მის მიერ დასმული კითხვა: “ერთი კითხვა მაქვს, “ტაბულა” რომ უფასოდ რიგდება, ეს არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა?”

“რეზონანსში” აგრეთვე წაიკითხავთ სტატიას, სათაურით “შიდა ვალი შეიძლება 1,9 მილიარდით გაიზარდოს”. ავტორი წერს: “2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, მთავრობამ შიდა ვალის ზღვრული მოცულობა 1,9 მილიარდ ლარამდე განსაზღვრა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით კომერციული ბანკებიდან ვალს ისე “წამოკრებს”, რომ პარლამენტს არც კი შეეკითხება”. ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა “რეზონანსს” ბანკების შესახებ ეუბნება: “ბუნებრივია, თუნდაც მცირე შემოსავლის მისაღებად, მათთვის ხელსაყრელია თავისუფალი ფულის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დაბანდება. თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არის სერიოზული რისკი”.
პოლიტიკას რაც შეეხება, “ალიას” ავტორი მთავრობაში ცვლილებების შესახებ სტატიაში წერს: “როგორც ამბობენ, ახალაიას “ახალი ცოცხი” “დაგვას” დაიწყებს იმ რეგიონებიდან, სადაც “ქართულმა ოცნებამ” უკვე ჩაატარა აქციები”.

“ალიაში” დღეს ქვეყნდება ფოტოები, რომლებზეც პარლამენტის წევრი კობა ხაბაზი ორ გოგონასთან ერთად სანაპიროზეა გადაღებული: “ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ესაა თბილისის ზღვაზე გადაღებული ფოტოები, რომელიც “ალიას” მიაწოდეს და რომლის გამოქვეყნებაც საზოგადოებისთვის საინტერესოდ მივიჩნიეთო”, - ასეთია მინაწერი.
“ალიას” დღევანდელ ნომერში “გენერალთა კლუბის” ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება: “ჩვენი ბრალი არ არის, რომ ცოცხლები გადავრჩით და მშვიდობიან პერიოდში უფრო გაგვიჭირდა ცხოვრება, ვიდრე მტრის პირისპირ ყოფნისას. ჩვენ მოწინააღმდეგესთან უფრო ვპოულობდით საერთო ენას, ვიდრე დღევანდელ ჩინოვნიკებთან ვპოულობთ. ძალიან ალოგიკურ გარემოში მოვხვდით”.

“საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს სტატიას - “ნაციონალების ელიტა ბეწვის ხიდზე?!”. ავტორი თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზე მხოლოდ ერთი ეტაპია. ეს მიზანი კი არსებული მდგომარეობის დანაკარგების გარეშე შენარჩუნება და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა.

“ახალი თაობა” ვანო მერაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგების ალბათობაზე წერს. ავტორს პიარტექნოლოგიების სპეციალისტ არჩილ გამზარდიას მოსაზრება მოჰყავს: “ცოტა ხანში, შესაძლოა, გაბათილდეს სააკაშვილი და მთელი აქცენტები გადავიდეს მერაბიშვილ-ივანიშვილის პირად ორთაბრძოლაზე”.

“ახალ თაობაში” წაიკითხავთ, რომ “დავით გარეჯის მღვდელ-მონაზონი მამა კირიონი, მამა დავითი და გაზეთ “24 საათის” ფოტოკორესპონდენტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ბერთუბნის მონასტრის მოსალოცად მიდიოდნენ. ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ”.

თავად” 24 საათში” ამ ინციდენტს ვრცელი პუბლიკაცია ეძღვნება. ავტორი თვითმხილველთა მონათხრობს სთავაზობს მკითხველს, სტატიას კი ასე ასრულებს: “დღემდე გაურკვეველი რჩება უდაბნოს მონასტერში და ჩიჩხიტურის კოშკზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ყოფნის საკითხი. მამა კირიონის თქმით, ისინიც ქართულ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებას უცდიან, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება საზღვრისა და ქართული მონასტრების საკითხი”.
XS
SM
MD
LG