Accessibility links

logo-print

შსს-მ "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებაზე ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეარხების მეშვეობით ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, კადრები იმის დასადასტურებლად გავრცელდა, რომ სატელიტური ანტენები "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის და არა – "მაესტროს". მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტვირთის კუთვნილებაზე ყუთზე მიკრული ეტიკეტები მიუთითებს.
თბილისის საქალაქო სასამათლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით გუშინ დააკმაყოფილა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც შპს "მაესტრომ", პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიების - შპს "ელიტა ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით.
”მაესტროს” დამფუძნებლებს მოჰყავთ პროკურატურის განმარტება, რომ მისი მოქმედება მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას. ტელეკომპანია "მაესტრო" აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესია განვითარება და აუდიტორიის გაზრდა და სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც მისი ბიზნესგეგმაა. დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლიან "მაესტროს," როგორც თავისუფალი მედიასაშუალების განვითარებას და შესაბამისად, ზღუდავენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა.
XS
SM
MD
LG