Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა სადავო კანონპროექტი არასამთავრობოების შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა სადავო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. კანონპროექტს დიდი უმრავლესობით მიემხრნენ სახელმწიფო სათათბიროში - მას მხარი დაუჭირა 374-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო სამი. კანონპროექტით მკაცრდება რეგულაცია და ანგარიშვალდებულება ორგანიზაციებისათვის, რომლებიც გრანტებს იღებენ უცხოეთიდან. მათგან მოითხოვენ „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას. ოპონენტები კანონპროექტს მიაკუთვნებენ სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის კამპანიას, რომელიც დაწყებულია პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნების შემდეგ. კანონპროექტს აკრიტიკებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირიც. პარასკევს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა ზომასაც, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნებს ცილისწამების შესახებ მუხლს. კანონპროექტი, რომელსაც 238 დეპუტატი მიემხრო 91-ის წინააღმდეგ, ითვალისწინებს ცილისწამებისათვის ფულადი ჯარიმის და სავალდებულო სამუშაოს ხანგრძლივობის გაზრდას. ახლა მოსალოდნელია ორივე კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ზედა პალატაში და მათი დამტკიცება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.
XS
SM
MD
LG