Accessibility links

კოფი ანანი გმობს მორიგ სისხლისღვრას სირიაში


სირიის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი, კოფი ანანი, მისივე თქმით, „შოკირებული და აღშფოთებულია“ ცნობებით, რომ ტანკები და ვერტმფრენები იქნა გამოყენებული თავდასხმისას, რომელმაც, სავარაუდოდ, 200-მდე ადამიანი შეიწირა ჰამის რეგიონში. ანანმა დაგმო ძალადობა და დასძინა, რომ სირიის მთავრობამ, როგორც ჩანს, დაარღვია დაპირება, რომ მძიმე იარაღს არ გამოიყენებდა დასახლებულ ადგილებში. სირიის მთავრობა და ოპოზიცია აღიარებენ ჰამაში სისხლისღვრის ფაქტს, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ვერსიებს ჰყვებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის მხარდამჭერმა ჯარებმა ტანკები და საბრძოლო ვერტმფრენები გამოიყენეს ხუთშაბათს, სოფელ ტრეიმზის ირგვლივ იერიშისათვის. ბოლო მონაცემებით, დაღუპულებს შორის არიან შეიარაღებული მეამბოხეები და სამოქალაქო პირები. სირიის მთავრობის მიერ გაკონტროლებული მედია კი „ტერორისტულ ბანდებს“ აკისრებს პასუხისმგებლობას და ოპოზიციის მომხრე მედიას ბრალად სდებს, რომ ის ეწევა საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას.
XS
SM
MD
LG