Accessibility links

logo-print

შტეფან ბანდერა: თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია


საქართველოში მედიის მდგომარეობას შემაშფოთებლად მიიჩნევს კანადელი ჟურნალისტი შტეფან ბანდერა, რომელიც წინასაარჩენო პერიოდის მედიაგარემოს "ღია დემოკრატიის კომიტეტის" მოწვევით აკვირდება. "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხრივ, თუმცა, თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია”, - განაცხადა შტეფან ბანდერამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პროფესიიდან გამომდინარე ჟურნალისტები ხშირად არიან დაძაბულ სიტუაციაში, მაგრამ სულ სხვა საკითხია მათ მიმართ ძალადობა, როგორც ეს კარალეთში მოხდა. შტეფან ბანდერამ აღნიშნა, რომ "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დამკვირვებლები შეხვდნენ გუშინდელი ინციდენტისას დაზარალებულ ჟურნალისტებს, რომელთა განცხადებით, დაშავდნენ არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად. ”ისეთ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა არსებობს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაშვებული არ უნდა იყოს", - განაცხადა შტეფან ბანდერამ. მისივე ინფორმაციით, "ღია დემოკრატიის კომიტეტი" საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დაკვირვებას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც განაგრძობს.
XS
SM
MD
LG