Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ-ოსური ურთიერთობის მოგვარების პირობად მიიჩნევს პატიებას, მონანიებასა და ბრალის აღიარებას. „ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ დიალოგს ჩვენ ოს ძბემთან“, განაცხადა მან გორში ჩატარებულ აქციაზე გამოსვლისას. ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები სამძიმარს ეტყვიან ოს დედებს, დაეხმარებიან მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩაატარებენ სამართლიან გამოძიებას. გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც კიდევ შესაძლებელიაო, დასძინა ივანიშვილმა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების საკითხსაც შეეხო: „მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ შეიძლება, ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას“, განაცხადა გორში ივანიშვილმა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, თუმცა, ალტერნატივა არა აქვს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს - დასავლური ორიენტაციას, ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.
XS
SM
MD
LG