Accessibility links

logo-print
“ქართული ოცნების” მიერ გორში ჩატარებული აქცია, იქ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, გასულ კვირაში კარალეთში მომხდარი დაპირისპირება, მთავრობის პროგრამა - ეს საკითხები შუქდება დღეს, უმეტესწილად, ქართულ პრესაში.
გორში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის მიერ ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ ნათქვამზე დღეს რამდენიმე გაზეთი წერს. “24 საათი” თავად გამოსვლის შინაარსზე მოუთხრობს მკითხველს, “რეზონანსის” ავტორი კი მას განსხვავებულ მოსაზრებებს სთავაზობს. კერძოდ, კოალიციის “ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელს მიხეილ თავხელიძეს უთქვამს: “იქ ბაზრობის გაჩენის ეკონომიკური მოთხოვნილება რომ ყოფილიყო, ის დიდი ხნის წინათაც გაჩნდებოდა. ამას საქართველოს მხრიდან ხელს არავინ არ უშლიდა და არც დღეს უშლის. ამას ხელს იქითა მხრიდან უშლიან. თუ ივანიშვილს ესმის, რომ ვაჭრობა კარგია, ეს ესმით რუსებსაც”. პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, “არ შეიძლება კარგი იდეა - ერგნეთის ბაზრობა - გაგენადგურებინა იმიტომ, რომ ფორმა იყო ცუდი. ეს ფორმა უნდა შეგვეცვალაო”.

“კვირის ქრონიკის” ფურცლებიდან ვალერი გელბახიანი შეკითხვით ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას: “მე მოვითხოვ ივანიშვილისგან დაასაბუთოს, რატომ არ ჩამესვლება საჩხერეში მე და რატომ ჩაესვლება მას. მე მისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი მაქვს”, - აცხადებს გელბახიანი.

ბიძინა ივანიშვილის გორში გამოსვლის ტექსტს რამდენიმე გვერდს უთმობს “ასავალ-დასავალი”. გასული კვირის მოვლენებს ეხმაურება ეს გაზეთი სტატიით - “ქვებავაზაკები”.

გორის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” შეხვედრებისას მომხდარ ინციდენტებზე წერს დღეს “კვირის პალიტრა”. იაგო კაჭკაჭიშვილი ინტერვიუში ამბობს: “ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ამ რეგიონების მოსახლეობის მშვიდობიანი და წარმატებული თანაარსებობა ოპოზიციასთან. საჭიროა ამ თანაარსებობის გაპრობლემურება, გაფუჭება, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის აქტიურობას მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება“. “კვირის პალიტრაში” ამავე მოვლენებზე ქვეყნდება სტატია, სათაურით - “სახიფათო ზღვარი. ფრთხილად ვიყოთ! სამუდამოდ ბნელ გამო(ქვა)ბულში არ ამოვყოთ თავი...”. “კვირის პალიტრას” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უცხადებს: “ჩვენ ვერ ჩავეძიებით საკითხს, კალაძეს რა უთხრეს და იმან რატომ შეიგინა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრებს აგრესიული ფონი ახლავს. მთავარია, ეს პროცესი არ ამოვარდეს ჩარჩოდან და ვინც კანონი დაარღვია, პასუხი აგოს”.

“უმუშევრებო, დაეწყვეთ, ვანომ უნდა დაგთვალოთ!” - ამ სათაურით “ვერსიაში” ქვეყნდება სტატია მთავრობის გეგმებზე: “ავიღოთ “ახალი მემარჯვენეების” სოფლის განვითარების პროგრამა, დავუმატოთ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” უმუშევრობის დაძლევის პროგრამა და ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. მიღებული “მასა” კარგად ავთქვიფოთ, შევდგათ “ნაციონალური მოძრაობის” აერღუმელში და გამოვაცხოთ მთავრობის ახალი პროგრამა, სახელწოდებით - “მეტი სარგებელი ხალხს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს: “მე არაერთხელ მივარაუდია, რომ თუ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი ირანთან და თუ იქ მოხდა შეერთებული შტატების ინტერვენცია, მაშინ რუსეთი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯს და ეს საპასუხო ნაბიჯი საქართველო იქნება. გათვლის მიხედვით, ეს ყველაფერი უნდა იყოს შემოდგომაზე. ჩვენი სამოქალაქო დაპირისპირებით ამ პროცესის ანტიქართულ ქმედებას ხელს შევუწყობთ. ხანდახან ვფიქრობ კიდევაც, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ბრწყინვალედ აქვს გათვლილი და ზუსტად ამაზე მიდის”.

ჟურნალ “ტაბულაში” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, ისრაელელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩთან: “მთავარი საექსპორტო საქონელი, მესიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია მიაწოდოს ჩრდილოეთ კავკასიას და დასავლეთს, ხავერდოვანი რევოლუციის, პოსტსაბჭოთა საზოგადოების ევროპისკენ სვლის პათოსია. დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ის შეინარჩუნებს იმპულსს, რომ დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. თუ საქართველო ამას ვერ მოახერხებს, შევარდნაძის დროს დაუბრუნდება. კიდევ ერთი აღმოსავლური დესპოტია კი, - აზერბაიჯანი ან თურქმენეთი, - ნავთობის გარეშე, არავის დასჭირდება”.
XS
SM
MD
LG