Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” სამ წარმომადგენელს თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშაულებენ


კოალიცია ”ქართული ოცნების” სამ წარმომადგენელს, რომლებიც 16 ივლისს საღამოს დააკავეს, კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის ასარიდებლად თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშაულებენ. შსს-ს განმარტებით, მერაბ კაჭახიძე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის დარღვევის ფაქტზე მაისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან დაკავებულნი. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”კანონისთვის გვერდის ავლით პოლიტიკურმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვით კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის "კანონიერი" სახის მისაცემად უნდა განაწილებულიყო ათობით ფიზიკურ პირზე მათი სახელით პარტიისთვის შემოწირულობის განსახორციელებლად.” სამინისტროს მტკიცებით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით განაწილდა წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე და მათ ეს თანხა საწევროს სახით გადარიცხეს კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე. შსს-ს განცხადებითვე, იმავე სქემით ისარგებლეს „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ, რომლებმაც პარტიისთვის თანხის გადასარიცხად ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი. დღესვე სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი განმარტებით, კანონდარღვევას ადასტურებს.
XS
SM
MD
LG