Accessibility links

logo-print

მოსკოვი თბილისს ურჩევს, საქართველოში არსებული პრობლემები მოაგვაროს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს ურჩევს, რუსულ დემოკრატიაზე ზრუნვის ნაცვლად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული პრობლემები მოაგვაროს. ამ შინაარსის კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც დუმის მიერ დამტკიცებულ კანონს შეეხება. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მიღებული კანონით უცხოელ აგენტებად უნდა იწოდებოდნენ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. ეს კანონი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა გაგრძელებად ”პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევის დამალვისკენ.” ამ განცხადების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში მოაგვარებს ადამიანის უფლებების, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს, რომლებზეც მას "არაერთხელ მიუთითეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, ევროსაბჭომ და სხვა ორგანიზაციებმა".
XS
SM
MD
LG