Accessibility links

logo-print

საია მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” წევრების მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ უკანონო საწევრო შენატანების და შემოწირულობების განხორციელება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა ისჯება არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მასზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა იმსჯელოს. ჩუგოშვილის განცხადებით, უკანონო შემოწირულობების ყველა საქმეზე რეაგირება დღემდე მხოლოდ ადმინისტრაციული წესით მოხდა და მსგავსი საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანა შესაბამისი მუხლის ძალიან ფართო ინტერპრეტაცია და შემაშფოთებელი ფაქტია. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასლაში ასახული ქმედებების დადასტურების შემთხვევაშიც კი შეუსაბამო, არაპროპორციული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა. შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროცესის მწარმოებელ ორგანოს მოუწოდა, შეწყვიტოს ამ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუგზავნოს.
XS
SM
MD
LG