Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "ქართული ოცნების" სამ წარმომადგენელს


თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კოალიცია "ქართული ოცნების" სამ წარმომადგენელს 2-2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 16 ივლისს დაკავებულ მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილს და ტარიელ ქარდავას სამართალდამცავები ბრალს დებენ სისხლის სამართლის დანაშაულში, კერძოდ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის ასარიდებლად თვალთმაქცურ გარიგებაში. შსს-მ 17 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებულები წინასწარ შერჩეულ პირებს გადასცემდნენ თანხებს, რომლებიც მათ საწევროს სახით უნდა გადაერიცხათ კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ”ეროვნული ფორუმისა” და კონსერვატიული პარტიისთვის. შსს-მ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერიც, რომელიც მისი განმარტებით, კანონდარღვევას ადასტურებს. თავის მხრივ, კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში საუბარია პარტიული საწევროებისა და პირადი დანაზოგების მობილიზებაზე, რასაც კონსერვატიულ პარტიაში 18 აპრილს გამართული სხდომის ოქმი ადასტურებს. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლისთვის უშედეგოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულთან არანაირი კავშირი არა აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განჩინება 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
XS
SM
MD
LG