Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სიძე ასეფ შავკატი დაიღუპნენ აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დამასკში, მთავრობის ერთ-ერთ შენობაში. ასადის სიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. დაჭრილია კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ალ-შაარი. თავდასხმა მიმართული იყო უშიშროებისა და თავდაცვის უწყებების ხელმძვანელების შეკრების წინააღმდეგ, ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობაში. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" უშიშროების სამსახურის წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით იუწყება, რომ თავდამსხმელი მცველად მუშაობდა. იუწყებიან აგრეთვე, რომ დამასკში ზედიზედ მეოთხე დღეა, გრძელდება ბრძოლა მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ დღეს შეშფოთება გამოთქვა სირიაში ძალადობის გამო: „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ სირიაში ძალადობის გამწვავებით და სიცოცხლის უზარმაზარი დანაკარგით, რაც უკავშირდება ძალადობის მასშტაბის გაზრდას. არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თაანამეგობრობამ გააგრძელონ ერთად მუშაობა გაეროს მეშვეობით, ნებისიმიერი შესაძლო გზის გამოყენებით, რათა მოვახდინოთ დამატებითი ზეწოლა ბაშარ ალ-ასადზე, რომ ის გადადგეს", განაცხადა პანეტამ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის კონფლიქტს ეხება.
XS
SM
MD
LG