Accessibility links

logo-print
ჯერ იყო და, ბელორუსიის ხელისუფლება მალავდა, არავითარი სათამაშო დათუნიები არ ჩამოუყრია თვითმფრინავს, ვითომ უცხოეთიდან შემოფრენილს, - ამაზე გადაღებული კადრები პროვოკაციააო. შემდეგ დააკავეს ფოტოგრაფი, რომელსაც ბელორუსიის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ხელშეწყობა ბრალდება. ანუ ბელორუსია ქვეყანაა, სადაც ფაქტის უარყოფის შემდეგ ამ ფაქტის გამო ადამიანის დაკავება შეიძლება.

ათასობით ადამიანი აქვეყნებს ინტერნეტში ფოტოებს, რომლებზეც პლუშის სათამაშო დათუნიებია აღბეჭდილი, რის გამოც ბელორუსიაში ადამიანის პასუხისგებაში მიცემა შეიძლება. ანტონ სურიაპინი დაკავებულია 13 ივლისს. ფოტოგრაფს ჯერ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ და გაჩხრიკეს, შემდეგ კი დააკავეს. პირველად დაკავებიდან ორი დღის შემდეგ დაკითხეს. მინსკის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 20 წლის სტუდენტს ათი დღე დაუმატეს წინასწარ პატიმრობაზე, სავარაუდოდ, საქმის წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების უკეთ ჩამოყალიბების მიზნით. როგორც ითქვა, მას ბრალად წაუყენეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ხელშეწყობა“. ბრალდება მიმართულია ირიბად იმ შვედების წინააღმდეგ, რომლებმაც პატარა თვითმფრინავით გადაკვეთეს ბელორუსიის საზღვარი, შეიჭრნენ საჰაერო სივრცეში და ჩამოყარეს პლუშის პატარა სათამაშო დათუნიები, დაახლოებით ათასი ცალი, ზედ მიმაგრებული პროკლამაციებით, რომელთა მიზანი პროტესტის გამოცხადებაა ბელორუსიაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართ. აქციის ორგანიზატორი იყო შვედეთის პიარ-ფირმა „სტუდიო ტოტალი“. როგორ გამოასწორებს ბელორუსიის ხელისუფლება შექმნილ წინააღმდეგობრივ სურათს, გამოჩნდება. რაც დღეს ცხადია, ისაა, რომ ბელორუსიის სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად აღძრული საქმე ოფიციალური უარყოფაა სამხედრო უწყების პოზიციისა. მისმა ექსპერტებმა ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოკადრები შეისწავლეს და განაცხადეს, „დადგენილია უხეშად შესრულებული სამუშაო ვიზუალური ფალსიფიკაციის გამოყენებით, რაც ადასტურებს მოწოდებული ინფორმაციის აშკარად პროვოკაციულ ხასიათსო“. ამის შესახებ იუწყება საინტერნეტო სააგენტო „ნავინი. ბი“. ასე რომ, უშიშროების სამსახურისთვის ცხადი გახდა, რომ თვითმფრინავი შემოფრინდა და გაფრინდა კიდეც. უბრალოდ, თავდაცვის სამინისტრომ, საჰაერო თავდაცვამ ის ვერ დააფიქსირა. ამავე ინფორმაციის ავტორი შეგვახსენებს ბელორუსიის საჰაერო თავდაცვის მეთაურის, გენერალ მაიორ დმიტრი პახმელინის სიტყვებს, რომ პლუშის დათვების ჩამოყრა ბელორუსიაში „ბელორუსიის წინააღმდეგ მიმართული, უცხოეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერთ მოწყობილი 100 პროცენტიანი პროვოკაციაა“. საჭირო გახდა რეაგირება და ეჭვმიტანილის დაკავება, დამნაშავის დასჯა და მიადგნენ 20 წლის ჟურნალისტს, ანტონ სურიაპინს, რომლის დედამ, ელენამ, ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურს შემდეგი უთხრა:

„სრული სისულელეა. ერთი დღეც არ ყოფილა იქ, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. სასაცილოა. ადვოკატმა თქვა, რომ ასეთი მუხლი არსებობს კანონში და ის წაუყენეს. ამბობს, რომ ის ვერ ხედავს დანაშაულს. ფოტოგრაფიები მისი არ არის. ფოტოები მართლაც არ არის მისი, რადგან გვეუბნებოდა, სენსაციური ფოტოები გამომიგზავნესო“.

შვედური ფირმა „სტუდიო ტოტალი“, რომელმაც ჩამოყარა პლუშის დათუნიები ბელორუსიაში, ილიანეცთან, ლიტვის საზღვრის მახლობლად, აცხადებს, რომ ის არ მოელოდა ასეთ სკეპტიციზმს არა მხოლოდ ბელორუსიის, არამედ შვედური მედიისგანაც და იძულებული გახდა ჩამოეხსნა ნიღაბი, გაემჟღავნებინა თავი. გარდა იმისა, რომ გაავრცელა სრული ვიდეომასალა, რაზეც ბელორუსიის ხელისუფლება აცხადებდა, ფალსიფიცირებულიაო, ფირმის წარმომადგენელმა, ტომას მაზეტამ, შვედეთის ტელევიზიის SVT-ს საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ მას და მის კოლეგებს დასჭირდათ საკუთარი თავის გამოვლენა, რათა გაექარწყლებინათ ის უნდობლობა, რაც მედიაში გაჩნდა, მაგრამ სახელის მოხვეჭა მათი მიზანი არ ყოფილა. მაზეტასთან ერთად თვითმფრინავში იყო ჰანა ლინა ფრეი, მისი კოლეგა. ხოლო ხმელეთზე, ლიტვასა და ბელორუსიაში, მათ მხარდაჭერას უწევდნენ, შესაძლო ჩამოგდების შემთხვევაში, და მათი ფრენის კადრებს იღებდნენ ლინდა კარლსონი და პერ კრომველი. ოპერაცია ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, ამბობს მაზეტა, რომელიც დაფინანსების შესახებ აცხადებს, „ჩვენი ფირმა“ რასაც პიარ-მომსახურების საშუალებით იღებს, ახმარს ისეთ აქციებს, პროექტებს, რომლებიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია და ერთ-ერთი ასეთი პროექტია ბელორუსიის არადემოკრატიული რეჟიმიო. ეს რეჟიმი ახლა საქმეს კერავს, მაგრამ არ სძინავთ ოპოზიციონერებს და არამხოლოდ მათ. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფის მომხრეებმა, სოლიდარობის აქცია მოაწყვეს. მათ ფოტოები გადაიღეს შვედების მიერ ჩამოგდებულ პლუშის დათუნიასთან ერთად. აქცია სპონტანურად დაიწყო, იუწყება ბელორუსიის საინტერნეტო მედია, სადაც იხილავთ ამ ფოტოებს და გადაღების კადრებს. დათუნიაზე მიმაგრებულია წარწერა: „არ არსებობს ფოტოები, არ არსებობს სირთულე“, რაც პირდაპირი მინიშნებაა ანტონ სურიაპინზე, ადამიანზე, ვინც ეს კონკრეტული ფოტოები გაავრცელა. სხვათა შორის, ფაქტი, რომ სურიაპინს არ ჰქონდა აქციის დროს კავშირი მის მონაწილეებთან, დაადასტურა იმავე ტომას მაზეტამ, რომელმაც „ბელაპანს“ უთხრა, „ადრეც გვითქვამს, რომ აქციის წინ ბელორუსიის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ გვქონია, შესაბამისად, არ გვქონია კონტაქტი არც ანტონთანო“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG