Accessibility links

logo-print
ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ბურგასის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისა, რომელსაც უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 30-ზე მეტი კაცი. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსის ძარაზე იყო დამონტაჟებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აფეთქებას „ირანის მიერ მოწყობილი ტერაქტი“ უწოდა და მკაცრი საპასუხო ქმედებით დაემუქრა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მოგვიანებით, ირანულის გარდა, ტერაქტის მცდელობაში სხვა წარმომავლობის ტერორისტული ჯგუფებიც დაასახელა:

„რამდენიმე საათის წინ ბულგარეთის ქალაქ ბურგასში განხორციელდა ტერაქტი ისრაელი ტურისტების ავტობუსზე. გვყავს რამდენიმე მოკლული და ათობით დაჭრილი. ეს უეჭველად არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც ირანის ან სხვა რადიკალური მუსლიმანური ჯგუფის ხელშეწყობით განხორციელდა - სავარაუდოდ, ჰისბოლაჰის, ჰამასის, ჯიჰადის ან სხვა რომელიმე ჯგუფის მიერ.“

ხალხმა პანიკურად დაიწყო ავტობუსიდან გასვლა. მივხვდით, რომ ეს დიდ დროს წაიღებდა, ამიტომ ფანჯრიდან გადავხტით ...

ირანის საელჩომ სოფიაში ისრაელის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და უარყო ტერაქტში ირანის მონაწილეობა. 18 ივლისს ბურგასში მომხდარი ტერაქტი დაემთხვა იმ ტრაგედიის მე-18 წლისთავს, რომელიც არგენტინაში - ებრაულ ცენტრში - დატრიალდა. მაშინაც ისრაელმა ირანი დაადანაშაულა თავდასხმაში, მაგრამ ირანმა ეს ბრალდება უარყო. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცვეტან ცვეტანოვის ინფორმაციით, ავტობუსში, რომელშიც ისრაელი ტურისტები იმყოფებოდნენ, ტერაქტის შედეგად ხუთი ტურისტი, ბულგარელი ტაქსის მძღოლი და ერთი თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა. ერთ-ერთი მგზავრი ასე აღწერდა აფეთქების დროს ავტობუსში შექმნილ სურათს:

„ხალხმა პანიკურად დაიწყო ავტობუსიდან გასვლა. მივხვდით, რომ ეს დიდ დროს წაიღებდა, ამიტომ ფანჯრიდან გადავხტით და რაც შეიძლებოდა სწრაფად გავედით გარეთ.“

მოგვეპოვება მყარი საბუთი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ტერორისტული აქტი თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო ...

ხუთშაბათს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ბურგასში მომხდარი სავარაუდო თვითმკვლელის ვინაობის დადგენა, თუმცა, ბორისოვის თანახმად, მოკლულს ჯიბეში ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

„მოგვეპოვება მყარი საბუთი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ტერორისტული აქტი თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და მათ მონაცემთა ბანკში არავითარი ინფორმაცია არ აღმოჩნდა სავარაუდო ბოროტმოქმედის შესახებ. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი დაღუპულის პირადობის მოწმობა გაყალბებული იყო.“

ბურგასში მომხდარ ტერაქტს მეყსეულად მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეფონით მიუსამძიმრა ნეთანიაჰუს და აფეთქებას „ბარბაროსული ტერაქტი“ უწოდა. ისრაელ ტურისტებზე მომხდარი თავდასხმა დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი დამნაშავეთა „დადგენისა და დასჯის“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა სასწრაფო წესით მოახდინა ტერაქტის შედეგად დაშავებული 30 მოქალაქის ბურგასის ჰოსპიტლიდან ევაკუაცია. უკან დააბრუნებენ ასზე მეტ ტურისტს, რომლებმაც მომხდარი ტერაქტის გამო გადაწყვიტეს შეწყვიტონ არდადეგები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG