Accessibility links

logo-print

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას სირიის შესახებ


რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოთი დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის მოქმედების ვადის გაგრძელებას. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებდა ასევე სანქციებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ის 10 დღეში არ შეასრულებდა რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის ძალადობისთვის ბოლოს მოღების შესახებ. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზან რაისმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა პეკინისა და მოსკოვის პოზიცია. „უკვე მესამედ ხდება ათი თვის განმავლობაში, რომ ორმა წევრმა, რუსეთმა და ჩინეთმა, ხელი შეუშალეს უშიშროების საბჭოს სირიის კონფლიქტზე დამაჯერებლად გამოხმაურებაში. პირველი ორი ვეტო, რომელიც მათ გამოიყენეს მეტად დესტრუქციული იყო. ეს ვეტო კიდევ უფრო სახიფათო და დასაგმობია“, განაცხადა რაისმა. გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც დამასკში მოკლეს მთავრობის სამი წევრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა - სირიის თავისუფალმა არმიამ. როგორც იუწყებიან, ბოლო ორი დღე-ღამეა, დამასკში შეტაკებები მიმდინარეობს. აქტივისტების მონაცემებით, სირიაში წელიწადზე მეტი ხნის წინ საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ დაღუპულია 17 000-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG