Accessibility links

აშშ-ის სენატის კომიტეტი “ჯეკსონ-ვენიკის შესწორების ” გაუქმებას მხარს უჭერს


აშშ-ის სენატში საფინანსო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მიემხრო აშშ-ის ვაჭრობის კანონში „ჯეკსონ-ვენიკის შესწორების“ გაუქმებას. 1974 წლის „შესწორება“, სხვათა შორის, რუსეთთან ვაჭრობას ზღუდავს. ამავე დროს, კომიტეტი მხარს უჭერს ახალ კანონს, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციებს ითვალისწინებს. კომიტეტში კენჭისყრისას სენატორები ერთსულოვანნი იყვნენ: 24 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, - ასე გავიდა ვაჭრობის კანონში “ჯეკსონ-ვენიკის შესწორების“ გაუქმების საკითხი. შესწორება 1974 წელს მიიღო აშშ-მა. მაშინ მისი ამოცანა იყო კრემლის დასჯა, მისთვის ვაჭრობის შეზღუდვა იმ მიზნით, რომ ნებართვა მიეცა ებრაელი და სხვა საბჭოთა მოქალაქეებისთვის, დაეტოვებინათ კომუნისტური სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, უკვე გორბაჩოვის პერიოდში, კანონმა დაკარგა რელევანტურობა. 1994 წლის შემდეგ ამერიკის ყველა პრეზიდენტი აპირებდა გაეუქმებინა ის, მაგრამ კანონი რჩებოდა ძალაში (თუმცა მასზე მორატორიუმი ცხადდებოდა) როგორც სიმბოლო იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთში უფლებების დარღვევას ეწინააღმდეგება. საქმე ისაა, რომ კანონის ამ შესწორების გაუქმებით იხეირებს არამხოლოდ რუსეთი. იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ახლა, აგვისტოდან, ოფიციალურად შედის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თუ აშშ-მა არ გააუქმა „ჯეკსონ-ვენიკი“, მოგებას ის ვერ ნახავს რუსეთთან ვაჭრობით. რუსეთს, თუ კონგრესმა გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამტკიცა, მიენიჭება „მუდმივი ნორმალური სავაჭრო პარტნიორის სტატუსი“, რომელსაც აშშ-ში კანონი ადგენს და უცხო ქვეყანასთან თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „ჯეკსონ-ვენიკის შესწორება“ უკვე 2000 წელს გაუქმდა საქართველოსა და ყირგიზეთის მიმართ. მოგვიანებით ის აღარ მოქმედებდა სომხეთის, ასევე უკრაინის მიმართ - ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ახლა კი, 2012 წელს, ჩანს, ის გაუქმდება რუსეთის და, მასთან ერთად, მოლდავეთის მიმართაც. საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ მაქს ბაუკუსმა, მონტანელმა დემოკრატმა, ძალა არ დააკლო რუსეთთან ვაჭრობის ნორმალიზების საკითხის გატანას, რადგან, მისი გამოთვლებით, აშშ-ის ექსპორტი რუსეთში მომავალ ხუთ წელიწადში გაორმაგდება. ახლა წლიური ექსპორტის მოცულობა 9 მილიარდ დოლარს უდრის. გავლენიანმა სენატორმა აღნიშნა, რომ კონგრესში სულ უფრო მეტი კანონმდებელი თვლის საჭიროდ, რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით, მიღებულ იქნეს „ანგარიშვალდებულების აქტი“. მაგნიტსკის კანონპროექტი გულისხმობს მოსკოვის ციხეში ადვოკატის სიკვდილთან დაკავშირებული მოხელეების მიმართ სანქციების დაწესებას, ვიზების შეზღუდვას და საბანკო ანგარიშების გაყინვას. ბაუკუსმა ოთხშაბათის შეხვედრაზე შემდეგი განაცხადა:

„ ჯეკსონ-ვენიკი“ 20 წელიწადი მოქმედებდა, რათა ებრაელთა და სხვათა თავისუფალი გამგზავრება უზრუნველეყო რუსეთიდან. ახლა მან დრო მოჭამა. როცა მაგნიტსკის კანონპროექტთან ერთად „მუდმივ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობას“ ავამოქმედებთ რუსეთთან, ამით „ჯეკსონ-ვენიკს“ ჩავანაცვლებთ კანონით, რომელიც მიმართულია დღევანდელ რუსეთში კორუფციისა და ანგარიშვალდებულებისკენ.“

მაგნიტსკის რაც შეეხება, მან გამოავლინა რუსეთის ოფიციალური პირების კავშირი საფინანსო კორუფციასთან. შემდეგ ის დააპატიმრეს, ციხეში სცემდნენ და 2009 წელს, ერთ წელიწადზე მეტ ხანს საპატიმროში ყოფნის შემდეგ, სამედიცინო მომსახურებაზე უარის გამო გარდაიცვალა. რუსეთის მთავრობამ დასაჯა ამ საქმის გამო დაბალი რანგის ოფიციალური პირი. ეს საქმე იქცა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და უკანონობის სიმბოლოდ. რუსეთი ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება: თვლის, რომ მან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. მაგრამ კრემლს ყოველთვის სურდა „ჯეკსონ-ვენიკის“ გაუქმებაც, რაც, ჩანს, უკვე ლამის მიღწეულია. რუსეთის გარდა, ვაჭრობის კანონში შესწორება გაუქმდება მოლდავეთის მიმართაც. მაქს ბაუკუსმა განუცხადა ჩვენს რადიოს, რომ მოლდავეთის მიმართ ის ბევრად უფრო ადრე უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ამის გადადება ხდებოდა იმის გამო, რომ აუცილებელი იყო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვა.
XS
SM
MD
LG