Accessibility links

პრეზიდენტი ობამა „შოკირებული და დამწუხრებულია“ კინოში სისხლისღვრის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ „შოკირებული და დამწუხრებულია“ კოლორადოს შტატში, კინოში მომხდარი სისხლისღვრის გამო. 14 ადამიანი შეიწირა თავდასხმამ, რომელიც შეიარაღებულმა პირმა მოაწყო ფილმ „ბნელი რაინდის აღზევების“ საპრემიერო ჩვენებისას. დაიჭრა 50-მდე ადამიანი. პოლიციის ცნობით, ინციდენტი შუაღამის სეანსის დროს მოხდა დენვერთან მდებარე ქალაქ აურორის კინოში. მამაკაცი, რომელსაც აირწინაღი ეკეთა, შევიდა შენობაში, ისროლა გაზით სავსე კონტეინერი და სროლა დაუწყო მაყურებლებს. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, პოლ ოტერმატმა ტელეარხ "სკაი ნიუსთან" სატელეფონო საუბარში ასე აღწერა მომხდარი: „ის უბრალოდ შემოვიდა, ძალიან ჩვეულებრივად, მერე ისროლა ცრემლმდენი გაზი და ზუსტად აღარ ვიცი, როგორ მოხდა, უბრალოდ სროლა დაიწყო“. პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შეიარაღებული იყო დანით, შაშხანით, პისტოლეტით და ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. პრეზიდენტმა ობამამ მხარდაჭერა აღუთქვა აურორის მოსახლეობას. ფილმი, რომლის საპრემიერო ჩვენების დროსაც მოხდა სისხლისღვრა, არის ბეტმენის თავგადასავლების ახალი ეკრანიზაცია.
XS
SM
MD
LG