Accessibility links

logo-print

რუსეთში პატიმრობის ვადა გაუგრძელეს ქალთა პანკ-ჯგუფის სამ წევრს


მოსკოვში სასამართლომ კიდევ სამი თვით, 12 იანვრამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ქალთა პანკ-ჯგუფ „Pussy Riot“-ის სამ წევრს. მოსმართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო მათი საქმის დღეს გამართული, წინასწარი მოსმენის საფუძველზე. საქმის არსებითი განხილვის დასაწყები თარიღი ჯერ არ დაუდგენიათ. „Pussy Riot“-ის სამი წევრი - მარია ალიოხინა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და ეკატერინა სამუცევიჩი - დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში შეასრულეს პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო სიმღერა. „Pussy Riot“-ის წევრებს ხულიგნობის ბრალდება აქვთ წაყენებული. დღეს სასამართლოში მათი საქმის განხილვისას, შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულების მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. სასამართლოსთან იყო მისული მწერალი ბორის აკუნინიც: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სასამართლო, მით უფრო მწვავედ და მტკივნეულად აღიქვამს მას საზოგადოება. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ისხდნენ ისინი ციხეში, სანამ მზადდება სასამართლო პროცესი. რა, მოწმეებს მოისყიდიან? მცირეწლოვან შვილებთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცევიან? ამაში იგრძნობა სამი პატარა გოგონას წინააღმდეგ მთელი ამ სახელმწიფო მანქანის მხოლოდ დასუსტება. ჩემი აზრით, ყველა ნორმალურ ადამიანში, განურჩევლად მისი რელიგიური და პოლიტიკური მსოფლხედვისა, ეს აღშფოთების გრძნობას უნდა იწვევდეს“,განაცხადა აკუნინმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას მოსკოვში, სასამართლოსთან, სადაც დღეს მიიღეს გადაწყვეტილება „Pussy Riot“-ის სამი წევრისათვის წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ.
XS
SM
MD
LG