Accessibility links

logo-print

მაყვალა შალვაშვილი: "კვერცხის ზომის სეტყვა, თან ღამით – პირველად ვნახე"


ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სოფელს და ასპინძის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მძიმე ზარალი მიაყენა. სტიქიამ, სახნავ-სათესი ფართობების გარდა, დააზიანა სახლის სახურავები, ავტომანქანები, დაიხოცა შინაური ფრინველი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

ძლიერი სეტყვისგან მიყენებულ ზარალს სამცხე–ჯავახეთში ჯერ კიდევ ითვლიან. სტიქიიდან მესამე დღეს გაწმენდილია ქუჩები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, დასუფთავებულია გზები. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა. ლამარა ხითარიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სტიქიამ მოსავლის გარეშე დატოვა. სოფელ ვალეში, როგორც იგი ამბობს, მოსახლეობა ჯერ ყინვამ, შემდეგ კი ძლიერმა სეტყვამ, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ დატოვა. ქალბატონი ლამარა ამბობს, რომ სოფელი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ძლიერი სეტყვის გამო მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებელს უწოდებენ ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. 19 ივლისის სტიქიამ, სხვა სოფლების მსგავსად, იდუმალაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ქარჩაიძეების საცხოვრებელი სახლის გადახურვა, დანარჩენი სახლების მსგავსად, პირველ ეტაპზე გამგეობამ პოლიეთილენის ნაჭრებით დაიწყო. 75 წლის ალექსი ქარჩაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე არსებობა გაუჭირდებათ.

მოსალოდნელი ნალექის გამო ასპინძის მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან პირველ ეტაპზე პოლიეთილენი შეისყიდა. ორ ჯგუფად დაყოფილი სამაშველო სამსახურები მეორე დღეა დაზიანებულ სახურავებს პოლიეთილენის ნაჭრებს აფარებენ. საგანგებო სიტუაციების ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა ზედგინიძე განმარტავს, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად სოფლები დამალა და იდუმალა დაზარალდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ბიუჯეტიდან პირველადი დახმარებისათვის გამგეობამ საცხოვრებელი სახლების აღსადგენად სამშენებლო მასალა შეიძინა. ასპინძისა და ახალციხის სამაშველო ბრიგადები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე მუშაობენ. ისინი საცხოვრებელ სახლებს დროებით წვიმის საწინააღმდეგო პოლიეთილენის ნაჭრებს აფარებენ, რის შემდეგაც სახურავები სპეციალური მასალით გადაიფარება, – განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბექაური.

დაზარალებული მესხები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშობენ, რომ წელს მათ შიმშილობა ემუქრებათ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სეტყვისაგან დაზარალებულ ექვსივე სოფელში სულ 86 სახლი დაზიანდა, მათგან ყველაზე მეტი ზარალი სოფელ იდუმალასა და რუსთავის მოსახლეობას მიადგა.
XS
SM
MD
LG