Accessibility links

როკის მოყვარულები დაემშვიდობნენ ჯონ ლორდს


ჯონ ლორდი

ჯონ ლორდი

ორშაბათს,16 ივლისს, მუსიკის მოყვარულები დაამწუხრა ცნობამ როკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის, „დიპ პერპლის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და კიბორდისტის, ჯონ ლორდის გარდაცვალების შესახებ.

ჯონ ლორდი როკის ბრიტანელი ვეტერანი იყო, კიბორდისტი, რომლის ძლიერმა ბგერამ და გამორჩეულმა ჟღერადობამ დიდწილად განაპირობა ჯერ „დიპ პერპლის“, შემდეგ კი „ვაითსნეიკის“ გადაქცევა როკის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ჯგუფებად.

ჯონ ლორდი ლონდონში გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში. მისი ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ის წლების მანძილზე ებრძოდა ავთვისებიან სიმსივნეს, სიკვდილის უშუალო მიზეზი კი ფილტვის ემბოლია გახდა.

ლორდი როკის ისტორიაში კომპოზიტორადაც შევა. ის „დიპ პერპლის“ არაერთი ლეგენდარული სიმღერის თანაავტორია - მათ შორის, 1972 წელს გამოსული ალბომის, „Machine Head”-ის მთავარი ჰიტის, რომელსაც “Smoke On the Water” ჰქვია.

ეს სიმღერა ჰიტად იმ ოთხი ნოტისგან შემდგარმა გიტარის რიფმა გადააქცია, რომელსაც რიჩი ბლეკმორი უკრავს. ლორდმა კი თავისი ჰამონდის ორღანი და აშლილი ხმის გამაძლიერებელი გამოიყენა ამ რიფის გასამეორებლად. შედეგად მივიღეთ მდიდარი ჰარმონია და, იმავდროულად, ადვილად დასამახსოვრებელი რიფი, რამაც “Smoke On the Water” 1970-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტად აქცია.

ლორდი ბავშვობაში კლასიკურ ფორტეპიანოს სწავლობდა, მაგრამ მალე მოექცა ჯაზის და როკის გავლენის ქვეშ. ახალგაზრდობაში ის რამდენიმე ჯგუფში უკრავდა - მათ შორის, ჯგუფში, რომლის კიდევ ერთი წევრი როლინგ სტოუნსის მომავალი გიტარისტი, რონი ვუდი იყო.

„დიპ პერპლი“ ლორდის და ბლეკმორის შემთხვევითი შეხვედრის შედეგად წარმოიშვა.

ჯგუფი 1968 წელს დაარსდა. ლორდის და ბლეკმორის გარდა, მასში შედიოდნენ ვოკალისტი იან გილანი, დრამერი იან პაისი და ბასისტი როჯერ გლოვერი.
დღეს კრიტიკოსები „დიპ პერპლს“ ჰევი-მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევენ.

1976 წლამდე - დაშლამდე - ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონ ალბომზე მეტი გაყიდა.

„დიპ პერპლის“ დაშლის შემდეგ, გვიანდელ 1970-იან და ადრეულ 1980-იან წლებში, ჯონ ლორდმა ჰარდ-როკის ჯგუფ „ვაითსნეიკში“ გადაინაცვლა. შემდეგ კი ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებულ „დიპ პერპლში“ უკრავდა.
XS
SM
MD
LG