Accessibility links

გრძელდება აღდგენითი სამუშაოები საქართველოში უამინდობით დაზარალებულ რეგიონებში


ძლიერი სეტყვითა და ქარიშხლით დაზარალებულ კახეთის რეგიონში გრძელდება აღდგენითი სამუშაოები და ზარალის დათვლა. სპეციალური შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარასკევს თელავში გამართა მთავრობის სხდომა, რომელზეც მხარის გუბერნატორმა და ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადეს, რომ სტიქიით დაზარალებული რაიონების წყლით, გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და, ამ მხრივ, მომდენვო დღისთვის ვითარება გაცილებით გაუმჯობესდება. გრძელდება დასუფთავების სამუშაოც, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დანაყოფების გარდა, პარასკევს ჩაერთო თბილისის დასუფთავების სამსახურის დიდი ჯგუფიც. ვანო მერაბიშვილის განცხადებითვე, მიმდინარეობს სახლების გადახურვაც, თუმცა, იმის გამო, რომ მსგავსი დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება, სამუშაოების დასრულებას არაერთი დღე დასჭირდება. სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშიც, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა და განადგურებულია მოსავლის დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG