Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმადიან სასულიერო პირებზე თავდასხმა თათრეთში აძლიერებს რუსეთში ისლამისტური საფრთხის გავრცელების შიშს


რუსეთის ავტონომიურ თათრეთის რესპუბლიკაში, დედაქალაქ ყაზანში, გავლენიანი სასულიერო პირის თავხედური მკვლელობა და თავდასხმა რესპუბლიკის მუფთიზე სრულიად მოულოდნელი იყო. თათრეთი, ტრადიციულად, არაექსტრემისტული, ყველაზე მეტად სტაბილური რეგიონია რუსეთის მაჰმადიანებით დასახლებულ მხარეებს შორის.

ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე რესპუბლიკაში რომ მომხდარიყო ასეთი თავდასხმები, შეიძლება ამგვარი რეაქცია არც მოჰყოლოდა, მაგრამ ყაზანში, მშვიდი რესპუბლიკის დედაქალაქაში, დღისით, მზისით გავლენიან სასულიერო პირებზე თავდასხმა ერთობ მოულოდნელი იყო. მუფთი ილდუს ფაიზოვის მანქანაში სამი აფეთქება მოხდა. ფაიზოვი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს. მის ყოფილ მოადგილეს ვალიულა იაკუპოვს მანამდე ერთი საათით ადრე მისსავე ბინასთან თავში ტყვია ესროლეს და მოკლეს. ამ დრომდე პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია. დააკავეს ხუთი ეჭვმიტანილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ მომხდარი დაკავშირებული უნდა იყოს მექაში ჰაჯიზე მოგზაურობისთვის თანხების შეგროვების საქმესთან, რადგან მუფთიმ მასზე კონტროლი დააწესა:
თათრეთში მოვლენები ახლა ჩრდილოკავკასიური სცენარით ვითარდება და ვრცელდება მთელ ვოლგისპირეთზე ...
რაის სულეიმანოვი

„ფაიზოვმა, მას მერე, რაც თათრეთის მთავარ მუფთიდ აირჩიეს, ისლამის რადიკალური მიმდინარეობების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა. ფაიზოვი ხელს უშლიდა იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც ისლამის ამ მიმართულებებს ქადაგებდნენ. ამას გარდა, მან საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა „იდელ-ჰაჯის“ ფულადი სახსრების მოძრაობა. ეს ორგანიზაცია მექაში მაჰმადიანების მოგზაურობით იყო დაკავებული. ამ ნიადაგზე მუფთის კონფლიქტი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, რომელიც ფაიზოვს დაემუქრა.“

სწორედ ამ ორგანიზაციის - „იდელ ჰაჯის“ - ხელმძღვანელია დაკავებულთა შორის. სანამ გამოძიება გრძელდება და სანამ სასამართლო გაარკვევდეს, ვინ არის ნამდვილი ბოროტმოქმედი, გამოითქმის მოსაზრებები, თუ ვის შეიძლება დასჭირვებოდა მოსკოვის მომხრე სასულიერო პირების თავიდან მოშორება. ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა ექსპერტს რაის სულეიმანოვს, რომელიც კვლევით ინსტიტუტს განაგებს ყაზანში, ეს თავდასხმები იმის ნიშნად მიაჩნია, რომ სამხრეთიდან ისლამური ამბოხება ჩრდილოეთისკენ იწყებს გავრეცელებას:

„თათრეთში მოვლენები ახლა ჩრდილოკავკასიური სცენარით ვითარდება და ვრცელდება მთელ ვოლგისპირეთზე. ათი წლის წინ ასევე ხოცავდნენ დაღესტანში მაჰმადიან სასულიერო პირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ვაჰაბისტების მიერ თავსმოხვეულ ამ „ჭეშმარიტ ისლამს“. თათრეთში პოლიტიკა იმ პრინციპზეა აგებული, რომ რესპუბლიკა კარგი მხრით წარმოაჩინონ. საერო ხელისუფლება სუსტია. გამორიცხული არ არის, რომ ბესლანის ტიპის მძევლების აყვანის ტრაგედია აქაც განმეორდეს.“

მე მას ვიცნობდი როგორც თათრეთის ვაჰაბიზაციის წინააღმდეგ მებრძოლს. შესაძლოა, ეს იყო ვაჰაბისტების შურისძიება ...
ირეკ მურტაზინი

ერთ მცირე მონაკვეთს გაგაცნობთ რუსეთის სახლმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებიდან, სადაც, ამ დანაშაულის სხვა მოტივებთან ერთად, ლაპარაკია იმაზე, რომ „თათრეთის მუფთის ოფისი წინააღმდეგობას უწევდა თათრეთის ტერიტორიაზე რადიკალური რელიგიური იდეების გავრცელებას“. მოკლული, 49 წლის იაკუპოვი, თათრეთის სასულიერო საბჭოს ვეტერანი წევრი იყო; ის ორი ათწლეულის მანძილზე იყო მუფთის მოადგილე და, ბოლოს, ამ საბჭოს რელიგიური განათლების უწყება ჩააბარეს. ის იყო ფედერალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირების მქონე გავლენიანი ფიგურა და თათრეთში მაჰმადიანურ რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებში ზომიერი ქმედების განმაპირობებელი. იაკუპოვი არ ემხრობოდა და ზღუდავდა თათრეთის მოქალაქეთა უცხოეთის რელიგიურ სკოლებში, მედრესეებში გაშვებას. მისი აზრით, სამშობლოში განსწავლული რელიგიური პირები უფრო ზომიერები იქნებოდნენ და უფრო უკეთ მოემზადებოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან, რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ვაჰაბიზმისა და სალაფიზმის მიმართ იაკუპოვის აშკარად უარყოფით პოზიციას მიიჩნევს თავდასხმის შესაძლებელ მოტივად ირეკ მურტაზინი, ჟურნალისტი, რომელიც რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, შაიმიევის პრესმდივანი იყო:

„მე მას ვიცნობდი როგორც თათრეთის ვაჰაბიზაციის წინააღმდეგ მებრძოლს. შესაძლოა, ეს იყო ვაჰაბისტების შურისძიება იმისთვის, რომ „თათრეთის მაჰმადიანთა სასულიერო მმართველობა“ თათრეთის მეჩეთებში შეღწევის საშუალებას არ აძლევს ვაჰაბიზმს.“

ფაიზოვი, როგორც მუფთი, მართლაც ვერ არის ისე გავლენიანი, როგორც იაკუპოვი, მაგრამ მან მოახერხა თათრეთის მაჰმადიანთა კონსოლიდაცია. ესაა მისი დამსახურება. თათრეთი ნავთობით მდიდარი რესპუბლიკაა. აქ იხილავთ დიდ და მდიდრულ მეჩეთებს, აქვე დაიბეჭდა მსოფლიოში უდიდესი ყურანი, რომელიც 800 კილოს იწონის და მორთულია ოქროთი, მალაქიტით და იასპით. მაგრამ თათრები არ არიან ძალიან რელიგიურნი. ისინი თავს მაჰმადიანებად თვლიან, მაგრამ ძალიან ცოტას თუ უწოდებს კაცი ღვთისმოშიშს. და თათრეთში უთანხმოებაა იმ საკითხზე, თუ რამდენად გავრცელდა ან შეიძლება გავრცელდეს ვაჰაბიზმი რესპუბლიკაში. ხუთშაბათის თავდასხმები მოულოდნელი იყო ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობისთვის. ზოგიერთი მიმომხილველი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა ეს აქტები შედარებით მეტი თავისუფლების მქონე თათრეთზე უფრო ფართო კონტროლის დაწესებისთვის გამოიყენოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG