Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა მეტ-ნაკლებად ეხმაურება საქართველოს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას - “თელავი პარალიზებულია”, “კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში სტიქია მძვინვარებს”, “ნაომარივით თელავი” - ასეთია სათაურები.

პრესის უდიდესი ნაწილი კვლავაც პოლიტიკურ და წინასაარჩევნო ამბებს უკავია. “ვერსიაში” ქვეყნდება ინტერვიუ “ქართული ოცნების” წევრ რომან კუსიანთან, რომელსაც “ოცნების” ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გამო სასამართლომ ჯარიმის სახით 150 000 ლარის გადახდა დააკისრა: “თეთრის გადახდას არ ვაპირებ”, - აცხადებს კუსიანი და დასძენს: “რაც შეეხება ამ 150 000 ლარს, აქ უკვე მათ მიერვე მიღებული კანონის აბსურდულობაზეა ლაპარაკი. ე.ი. გიმტკიცებენ, რომ შემოსავალი არ გაქვს, უქონელი ხარ, მაგრამ ახლა ამაზე 5-ჯერ მეტი ფული საიდანაც გინდა, იქიდან უნდა გააჩინო და, “ქურდულად” რომ ვთქვა, თავანი ჩააბარო”.

“ვერსიის” ჟურნალისტი ესაუბრება გიგა ნასარიძეს, წარმომადგენელს ერთი კვირის წინ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციისა - “საქართველო არ იყიდება”. ნასარიძე აცხადებს: “ჩემ მეგობრებთან ერთად მცირე აგურს დავდებ დიდ კედელზე, რასაც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჰქვია”. ნასარიძის აზრით, ივანიშვილი “მთელი ქვეყნის მეტოქეა!”.

“24 საათში” საფრანგეთში ორგანიზაცია “ქარტია 2012”-ის დამფუძნებელ მედეა თუშმალიშვილთან ინტერვიუს ცენტრალური თემაც ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციაა: “რუსეთის ყურის საამებლად ნათქვამი ფრაზა “სააკაშვილი თავს დაესხა მძინარე ცხინვალს”, გარდა შინაარსობრივი აბსურდულობისა, ქვეყნის ისეთი მძიმე ღალატია, რომელსაც არც ახსნა აქვს და არც პატიებაო“, - აცხადებს მედეა თუშმალიშვილი და თვლის, რომ 2008 წელს “საქართველოს პრეზიდენტი იდგა არჩევანის წინაშე: ან ჯარი უნდა შესულიყო ცხინვალში და შეეჩერებინა რუსეთის არმიის წინსვლა, ან გაეცა ბრძანება გაეთხარათ სანგრები თბილისის მისადგომებთან, დედაქალაქის დასაცავად”. მერაბიშვილსა და ივანიშვილს შორის მოლაპარაკების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს: “ვფიქრობ, რომ თუ ის მართლა შედგება, ეს იქნება არა მერაბიშვილის, არამედ ივანიშვილის ინიციატივა, რადგან მან იცის, რომ უმრავლესობით ის პარლამენტში ვერ მოვა და არ არის გამორიცხული, რომ სხვა გზები ეძიოს”.

“რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი მის ოჯახზე ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს: “ზუსტად ერთი საათის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი ძმისშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია, ქარელში კოალიციის შტაბში აქტიურად მოღვაწეობდა და სწორედ ამიტომ დაითხოვეს სამსახურიდანო”, - ამბობს ხაბარელი.

“რეზონანსი” წერს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უფლება ეზღუდებათ იმის გამო, რომ, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო აღრიცხვისთვის მათ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა ევალებათ, რასაც უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვერ შეძლებს და, როგორც “რეზონანსის” სტატიაში წაიკითხავთ, ვერ შეძლებს ბევრ ქვეყანაში ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეც.

“ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი ბრალეული შექმნილ ვითარებაში გახლავთ ის გარემოცვა, რომელიც საკუთარი ნებით შეირჩია საქართველოს პრეზიდენტმა და თავად გახდა მისივე მძევალი”. ცისკარიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის გარემოცვის “უმრავლესობას ელის არა პოლიტიკური სანაგვე, არამედ ნაგვიანი ციხე. შესაბამისად, ისინი იბრძვიან საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის და თანდათან ძირავენ სააკაშვილის პერსპექტივას, რომ დარჩეს საინტერესო პოლიტიკოსად საერთაშორისო მასშტაბში”.
XS
SM
MD
LG