Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 23 ივლისი

  • ნიკო ნერგაძე

ქართული გაზეთების უმეტესობამ დღეს პირველ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სათაურით „საქართველოს მედიასაშუალებების მიმართვა“. აქ ნათქვამია, ”მედიასაშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა "მაესტროს" კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელსო”. გაზეთები წერენ, ამას, ანუ დაყადაღებას, ”აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლოო.” ამ მიმართვას, როგორც უკვე გითხარით, ერთი-ორის გამოკლებით, დღეს თითქმის ყველა ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ნახავთ.

”რეზონანსი” წერს სტუდია ”მონიტორის” ოფისის გაქურდვაზე და ამას შინაგან საქმეთა ახალი მინისტრისთვის გამოწვევად აფასებს. ეს ფრაზა - გამოწვევის შესახებ - ეკუთვნის მედიაექსპერტ ია ანთაძეს, რომელიც ამბობს, ”თუ დავინახავთ, რომ პოლიცია ძალიან არაენერგიულად მოქმედებს და არ არის მოტივირებული, რომ ეს დანაშაული დროზე გახსნას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეში თვითონ სახელმწიფო არის ჩარეული და დაინტერესებული, რომ ჟურნალისტური გამოძიების პარალიზება მოეხდინაო”. - ია ანთაძე ამატებს: ”ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ახალაიას უწყებაზე, თუმცა რატომღაც არ მგონია, რომ ახალაია დაინტერესდება ამ საკითხით პირადადო".

”ქრონიკა” დღეს წერს, ხელისუფლებამ ბანკებს მოქალაქეებისათვის ფულის წართმევა უბრძანაო. გაზეთი გვამცნობს, რომ უცხოეთიდან ფულადი გზავნილის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი სცენარი გათამაშდეს: ”ბანკის თანამშრომელი ზრდილობიანად გიპასუხებთ, რომ თქვენს ანგარიშზე თანხა არის, გააფორმებს საბუთებს, ფულის მიღებაზე მოგაწერინებთ ხელს და ფულს არ მოგცემთ! რატომ? ამაზე პასუხი არც ბანკის თანამშრომელს ექნება და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგამისამართებთ - ზუსტად ასეთი მითითება აქვთ კომერციულ ბანკსა და მის თანამშრომლებსო!” ”ქრონიკა” წერს, რომ ეს მითითება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, რომელსაც წერილი გაუგზავნია კომერციული ბანკებისათვის, რომელიც ”ქრონიკას” ჩავარდნია ხელში და რომლის შინაარსსაც გვაცნობს. ამ წერილის მიხედვით, გაზეთი ასკვნის: ”ბანკი გატყუებთ. მან წინასწარ იცის, რომ თქვენი ანგარიში დაყადაღებულია, მაგრამ მანამდე არაფერს გეუბნება, ვიდრე საბუთებს არ გააფორმებს და ფულის მიღებაზე ხელს არ მოგაწერინებსო”.
XS
SM
MD
LG