Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართულ ოცნებას” ხელისუფლების დაპირებები ეცოტავება


სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დაპირებულ სამთავრობო დახმარებას აბსოლუტურად არასაკმარისად მიიჩნევს პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება”. როგორც 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა კოალიციის წარმომადგენელმა და პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, ხელისუფლების მიერ დაპირებული ფულადი დახმარება, რაც 300-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება, მინიმუმ 10-ჯერ ნაკლებია ამათუიმ ოჯახისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ რეალური ზარალზე. კოალიცია ”ქართული ოცნება” ზარალის დამოუკიდებლად დათვლას გეგმავს. 22 ივლისს, დაზარალებული რაიონების მონახულებისას, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა კახელებს, რომ ყველა დაზარალებული მიიღებს რეალურ და სრულ კომპენსაციას და რომ ამ პროცესის დაფინანსებას თავად ის უზრუნველყოფს. უკვე გამოყოფილი 10 მილიონი ლარის გარდა, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, რომ კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გადარიცხოს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, მისთვის დაკისრებული მასშტაბური ჯარიმის სახით. ”იგი მზად არის დაფაროს მთელი ზარალი, რაც მიადგა მოსახლეობას, იმ ერთადერთი კანონიერი გზით, რომელიც ამჟამად არსებობს... თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის სრულიად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდა და ბიუჯეტში ფულის ასეთი სახით შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსახლეობამ იცოდეს - ამის სახსრები ბიუჯეტში არსებობს და ხელისუფლებას არ უნდა გააბედინოს ის, რომ მან თქვას, რომ ბიუჯეტში ფული არ არის და ამაზე მეტად ზარალის ანაზღაურება ვერ მოხდება,” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება გადარიცხული თანხების მიზნობრივად ხარჯვის პროცესი.
XS
SM
MD
LG