Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილებები


საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომელიც 25 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ წარუდგინა. ცვლილებები ითვალისწინებს კახეთის რეგიონის განვითარების მიზნით ბიუჯეტში უკვე არსებული პროგრამის მოცულობის 110 მილიონ ლარამდე გაზრდას, საიდანაც 80 მლნ ლარი მსოფლიო ბანკის კრედიტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა უკვე ასახული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში, მთავრობამ ის სტიქიის შედეგები სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ჯამურ მოცულობაში (162,3 მლნ ლარი) შეიტანა. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 50 მლნ ლარი მოხმარდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, მაგალითად: დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა, დაზარალებულთა მომარაგება სურსათით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემა. საპარლამენტო ოპოზიციას არასაკმარისად მიაჩნია თანხა, რომელიც გამიზნულია დაზარალებულთა ფულადი კომპენსაციებისთვის. მთავრობის დაპირების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანად განადგურების შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია 1300-1500 ლარს შეადგენს; 70-80%-იანი ზარალისთვის 800-900 ლარი გამოიყოფა; ხოლო ის, ვინც მოსავლის ნახევარი დაკარგა, კომპენსაციის სახით, 300-დან 500 ლარამდე თანხას მიიღებს. საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას 25 ივლისის სხდომაზე მწვავე დებატები მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიცია დაზარალებულთათვის გამიზნულ ფულად კომპენსაციას არაადეკვატურად მცირედ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG