Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართუ ჯგუფის” იძულებითი მმართველობა შეწყდება


აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, ის შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა შეწყდეს ”ქართუ ჯგუფისა” და ”პროგრეს ბანკის” აქციების იძულებითი მმართველობა და ქონება სამართავად მესაკუთრეს დაუბრუნდეს. ამგვარი ქმედების საფუძვლად 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში დასახელებულია ის ფაქტი, რომ ”2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74 325 065,65 ლარი და აღსრულების საფასური 5 202 754,60 ლარის ოდენობით.” განცხადების თანახმად, ”თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის დაეკისრა.” რადგანაც დაჯარიმებულმა უარი განაცხადა მის მიერ ”უკანონოდ” მიჩნეული ჯარიმის გადახდაზე, ხოლო ”ქართუ ჯგუფისა” და ”პროგრეს ბანკის” აქციების აუქციონზე რეალიზება ვერ მოხდა, სახელმწიფომ დროებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა, რომელმაც „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტი დაითხოვა. ”აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სს ,,ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ისა და სს ,,პროგრეს ბანკის" აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე”, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მიმართვის მიღების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისათვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ. 24 ივლისს, სახელმწიფო ბიუჯეტში 80 მილიონი ლარის გადარიცხვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ყველა გზა მოუჭრა, ”უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების” გადახდის სახით მას დარჩა ”ერთადერთი კანონიერი საშუალება”, რომ დახმარებოდა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
XS
SM
MD
LG