Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის კრიზისის გავლენა განვითარებად ბაზრებსა და საქართველოზე


ევროპის კრიზისი, რომელიც ნეგატიურად აისახა განვითარებულ ბაზრებზე, კიდევ უფრო შორს გავრცელდა და რუსეთსა და ცენტრალურ აზიასაც მისწვდა. ამას აჩვენებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები. ევროზონის კრიზისის მიუხედავად, არ შეცვლილა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოში, თუმცა იგი არც ისეთი ოპტიმისტურია, როგორც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა.


ევროზონის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევის თანახმად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე რეგიონში, რომელიც, პირობითად, ყოფილი საბჭოთა ბლოკის სივრცეს მოიცავს, პროგნოზირებადი 3,1% -ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა მაისში 2,7%-მდე შემცირდა.

ანგარიშში, რომელსაც „რეგიონალური ეკონომიკური მიმოხილვა“ ეწოდება, ევროზონის კრიზისის გავლენის გათვალისწინებით, შემცირებულია ეკონომიკური ზრდის 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი. თუკი მაისში ჩატარებული მეორე
დიდი ხანია ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ზეგავლენას, რასაც ევროზონის კრიზისი ახდენს ჩვენს რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ კრიზისმა ზეგავლენა არა მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდინა, კრიზისი კიდევ უფრო აღმოსავლეთით, რუსეთსა და ცენტრალურ აზიამდე გავრცელდა. ეს არის ის, რაც ჩვენ საკმაოდ გვაშფოთებს...
ერიკ ბერგლოფი

კვლევის შედეგად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2013 წელს 4,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, 25 ივლისს გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, ყოფილი საბჭოთა ბლოკის სივრცეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საერთო მაჩვენებელი გაისად 3,1 %-ის დონეზე დაეცემა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსი ეკონომისტი ერიკ ბერგლოფი კლების ტენდენციას ასე ხსნის:

„დიდი ხანია ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ზეგავლენას, რასაც ევროზონის კრიზისი ახდენს ჩვენს რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ კრიზისმა ზეგავლენა არა მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდინა, კრიზისი კიდევ უფრო აღმოსავლეთით, რუსეთსა და ცენტრალურ აზიამდე გავრცელდა. ეს არის ის, რაც ჩვენ საკმაოდ გვაშფოთებს.“

კვლევების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კლების ტენდენცია გამოიკვეთა ევროზონაში, რომლის წევრი ქვეყნები - საბერძნეთი, პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი და იტალია - კვლავ დიდი გაჭირვებით ებრძვიან ეკონომიკურ კრიზისს, რომლის გავრცელების საფრთხე ევროზონის სხვა ქვეყნებზეც არსებობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი, მესამე კვარტალის ანგარიშის ავტორები შიშობენ, რომ ევროზონის შემდგომი კრიზისი კიდევ უფრო გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას გარდამავალი ეკონომიკის რეგიონში. განსაკუთრებით დაეტყობა ეს რუსეთს, სადაც 3.1 %-მდე დაეცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც, მაის-ივლისის პროგნოზით, 4.3 % უნდა ყოფილიყო.


საქართველო ხელისუფლების „კენზიანური სქემა“

კლების საერთო ტენდენციის გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოში სტაბილურ 5,5% პროცენტის დონეზე დარჩა, რასაც ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორი ლადო პაპავა საერთაშორისო დონორების მიერ წინა წლებში გამოყოფილი თითქმის ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებითა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს ხელისუფლების „აქტიური ხარჯვითი პოლიტიკით“ ხსნის.
საქართველო არის საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ ციკლში შესული. 2012 წელი საარჩევნო წელია და საკმაოდ რთული იქნება ბიუჯეტური ხარჯებისათვის, განსაკუთრებით პოპულისტური ხარჯების გათვალისწინებით. არანაკლებ მძიმე იქნება 2013 წელი, რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების წელია...
ლადო პაპავა

„ეს თვითონ იძლევა ეკონომიკის ზრდას, გარკვეულწილად, და, გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები აჩენენ დამატებით მოთხოვნას საშენ მასალებზე, მუშახელზე, ხოლო მუშახელს, რომელიც ღებულობს ხელფასს, უჩნდება მოთხოვნილება სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელზე. და ბუნებრივია, რომ პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ტარდება, ჯდება კლასიკურ კენზიანურ სქემაში, რომელიც გამოყენებულ იქნა დიდი დეპრესიის პრობლემების გადაწყვეტის დროს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, და ამ სტილის მმართველობაა დღეს საქართველოს ეკონომიკაშიც“, - ამბობს ლადო პაპავა და იმასაც დასძენს, რომ EBRD-ის პროგნოზი არც ისეთი ოპტიმისტურია, როგორც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა:

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი განსხვავებულია, ვიდრე ამ პროგნოზს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა. პრეზიდენტის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 8%, მაშინ როდესაც EBRD-ის პროგნოზი შედარებით მოკრძალებულია - 5,5 %. თუმცა იმის ფონზე, რაც დღეს არის ევროზონაში, ხუთ-ნახევარი პროცენტი საკმაოდ მაღალია.“

ცენტრალურ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვეენებლი 2012 წელს საშუალოდ 1.7 % შეადგენს. თუმცა, მთელი რიგი მოვლენების გათვალისწინებით, ლადო პაპავა არც იმას გამორიცხავს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შემდგომ კვლევებში საქართველოს მიმართაც მოუწიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ადრე პროგნოზირებადი მაჩვენებლის კორექტირება.
ლადო პაპავა
ლადო პაპავა

„საქართველო არის საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ ციკლში შესული. 2012 წელი საარჩევნო წელია და საკმაოდ რთული იქნება ბიუჯეტური ხარჯებისათვის, განსაკუთრებით პოპულისტური ხარჯების გათვალისწინებით. არანაკლებ მძიმე იქნება 2013 წელი, რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების წელია. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, განადგურებული მოსავალი ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარს დააკლდება საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი.“

მოახდენს თუ არა გავლენას ლადო პაპავას მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური ფაქტორები თუ სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელზე, ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული შემდგომი კვლევა გამოაჩენს. მანამდე კი ბანკის მიერ წარმოდგენილი რეგიონალური ეკონომიკური მიმოხილვის ავტორები საქართველოში გაისადაც ვარაუდობენ 5,5 % ზრდას. სამხრეთ კავკასიის რეგიონში უცვლელი დარჩა მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი ზრდის მაჩვენებელი სომხეთში, თუმცა, რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, 1,0 % -თ დაიწია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ აზერბაიჯანში, რასაც მკვლევარები ძირითადად „ნავთობის მოპოვების შენელებით“ ხსნიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG