Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აშშ-ს ადანაშაულებს სირიაში ტერორიზმის გამართლებაში


რუსეთის განცხადებით, ის, რომ აშშ-ს არ დაუგმია სირიაში 18 ივლისს მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეიწირა, მიანიშნებს ვაშინგტონის მიერ ტერორის გამართლებაზე. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს მოსკოვში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ახსენა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომ ასეთი თავდასხმები მოულოდნელი არ არის. ლავროვის განცხადებით, ნულანდმა „განაცხადა, რომ ისეთ პირობებში, როცა ასადის რეჟიმი ასე მოქმედებს, პირობებში, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ვერ იღებს რეზოლუციას, როგორიც სურთ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას, გასაკვირი არ არის, რომ დამასკში და, მთლიანად, სირიაში ასეთი აქტები ხდება, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ასეთ ქმედებებს მიმართავსო. ეს არის ტერორიზმის პირდაპირი გამართლება!“ მოსკოვი, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოთი დაბლოკა დამასკის წინააღმდეგ რეზოლუცია, უარყოფს ბრალდებას, რომ მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. რუსეთი, თავის მხრივ, დასავლეთს უყენებს ბრალდებას, რომ ის ეხმარება მეამბოხეებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პრეზიდენტ ალ-ასადის მმართველობის დამხობას.
XS
SM
MD
LG