Accessibility links

პროკურატურა კალაძის ანგარიშების დაყადაღებას განმარტავს


27 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან ” დაკავშირებით გამოძიება ”ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო”. ”მიღებული ინფორმაციის თანახმად კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე ვკითხულობთ, რომ ”საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.” ასეთ ქმედებას აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევენ კოალიცია ”ქართული ოცნების” ადვოკატები. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, უკანონოა, როცა ანგარიშების დაყადაღება ბრალდებულის გამოვლენამდე ხდება; ხოლო თუკი ბრალდებულად თავად კალაძეა მიჩნეული, ამის შესახებ ანგარიშების დაყადაღებამდე უნდა თქმულიყო. თავად კახა კალაძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე ის თანხებს,როგორც წესი, უცხოეთის ბანკებში არსებული პირადი ანგარიშებიდან რიცხავდა და მხოლოდ ოჯახის საჭიროებებისთვის იყენებდა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 26 ივლისის განჩინება კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG