Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების „ფიასკო“


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელზეც იარაღით ვაჭრობის შესახებ მსოფლიოში პირველი შეთანხმების პროექტი განიხილებოდა, ვერ მოხერხდა შესაბამისი დოკუმენტის მიღება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას, იმედგაცრუებულნი დარჩნენ წამყვანი ქვეყნების ქმედებით.

ხუთშაბათს, როდესაც გაეროს 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების პროექტს, უეცრად გაირკვა, რომ ვაშინგტონი არ არის მზად დოკუმენტის ხელმოსაწერად. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს მეტი დრო სჭირდება „რთული და კომპლექსური“ ტექსტის შესათანხმებლად.
ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მალე სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს, მეხის გავარდნასავით აღიქვა ნიო-იორკის კონფერენციის თავმჯდომარემ, არგენტინელმა რობერტო გარსია მორიტანიმ, რომელმაც პარასკევს ბოლო სესია სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო:

„ძვირფასო მეგობრებო, დიპლომატიური შეცდომა რომ არ მომივიდეს, ამიტომ ბევრ ლაპარაკს თავს ავარიდებ. უბრალოდ, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და პატიებას გთხოვთ იმისათვის, რომ არ აღმომაჩნდა დიპლომატიური უნარი, რათა უკეთეს ფინალამდე მიმეყვანეთ. ძალიან ვწუხვარ და დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დავძლიე წინააღმდეგობები.“

ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ჰქონდათ შანსი შეეთანხმებინათ ისტორიული ხელშეკრულება ...
ანა მაკდონალდი

თითქოს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდნენო, ხელშეკრულების ტექსტის ხელმოწერაზე უარი თქვეს რუსეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა. ჭეშმარიტ მიზეზებზე არავინ საუბრობს, თუმცა გამოითქმის მოსაზრება, რომ იარაღით ექსპორტით ცნობილ ქვეყნებს შესაძლოა არ სურდეთ ზედმეტი რეგულაციებით შეიზღუდონ თავი და უარი თქვან იმ კოლოსალურ მოგებაზე, რასაც მათ საბრძოლო იარაღით ვაჭრობა აძლევს. მსოფლიო იარაღის ბაზრის მოცულობა 60 მილიარდი დოლარით ფასდება.

ხელშეკრულების ხელმოწერას მხარს უჭერდნენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა „ამნესტი ინტერნეიშენალი“, „ოქსფამი“, შეიარაღების კონტროლის სამდივნო, და იარაღის კონტროლის ასოციაცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასეთი დოკუმენტის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს განაცხადა, რასაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა გაეროს 3-27 ივლისის კონფერენციის წარუმატებლობამ საერთაშორისო ვოჩდოგები კრიტიკულად განაწყო. ანა მაკდონალდმა, ორგანიზაცია „ოქსფამის“ იარაღის კონტროლის პროგრამის ხელმძღვანელმა, ხელშეკრულებაზე უარის თქმას სამწუხარო ფაქტი უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის მომდევნო სხდომაზე გაირკვევა:

„ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ჰქონდათ შანსი შეეთანხმებინათ ისტორიული ხელშეკრულება და კონტროლის ქვეშ მოექციათ იარაღით ვაჭრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოთა მცირე ჯგუფმა მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. თუმცა საქმე ამით არ მთავრდება. აშკარაა, რომ ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას სურს, რომ იხილოს ეს ხელშეკრულება. 90-მა ქვეყანამ მტკიცედ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ამ ხელშეკრულებას წლის ბოლოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეასხან ხორცი.

„იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე (ATT)“ შეთანხმების ჩავარდნას „ფიასკო“ უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებას უნდა შეემცირებინა იარაღის მოხვედრის შესაძლებლობა ტერორისტების, უკანონო სამხედრო ფორმირებებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ხელში. გენერალური ასამბლეის სხდომა ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში გაიმართება. იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება ასამბლეაზე შეიძლება გავიდეს რეზოლუციის სახით და მის მიღებას ასამბლეის ორი მესამედის თანხმობა სჭირდება, მაგრამ გაეროს რეზოლუციებს, როგორც წესი, არა აქვს დამავალდებულებელი ძალა. თანაც, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ, რომ იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების პროექტს დაემატოს მუხლი, რომელიც საბრძოლო მასალებით და ტყვია-წამლით ვაჭრობასაც დაარეგულირებდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG