Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი ”მეცხრე არხის” კორესპონდენტს ესარჩლება


საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება „მეცხრე არხის” კორესპონდენტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. 30 ივლისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ნოდარ ჩაჩუას. ”ახსნა–განმარტების თანახმად, 2012 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ ,,სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ უცნობი პირები ჟურნალისტს ”განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას.” სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
XS
SM
MD
LG