Accessibility links

logo-print

”არჩევნის თავისუფლებისთვის” პოლიტიზირებულ პოლიციაზე ლაპარაკობს


კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ლანჩხუთის რაიონის პოლიციის თანამშრომლის - შმაგი ურატაძის მეხსიერების ბარათი, ე.წ. ”ფლეშკა”, რომელიც ადასტურებს პოლიციის ”უხეშ და უკანონო” ჩარევას წინასაარჩევნო პროცესებში, - ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა მედიას 30 ივლისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აცნობეს. ”ჩიპზე დატანილია ძალიან ბევრი ფაილი იმ პატაკების შესახებ - თუ როგორ აგროვებს ის მონაცემებს ადამიანებზე (პირადობის ნომრებისა და ტელეფონის ნომრების მითითებით), - თუ ვინ არის ხელისუფლების მხარდამჭერი, ვინ არის ოპოზიციის მზარდამჭერი, ვინ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, ვინ არის ავად და სჭირდება ფულადი დახმარება, ვის უყენია ანტენები (რაც ძალიან საინტერესოა) და აქვეა ძალიან ბევრი ამგვარი ინფორმაცია”, - განაცხადა 30 ივლისის პრესკონფერენციაზე კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელმა, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ და ”გურია ნიუსის” მთავარმა რედაქტორმა ია მამალაძემ. მისი თქმით, აღმოჩენილი”ფლეშკა” ასევე მოიცავს სხვა პოლიციელის მიერ შეგროვილი ანალოგიური ხასიათის ინფორმაციას. კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სამართალდამცველთა პოლიტიზირებას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში. კოალიცია მიმართავს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიას, რომ ”მასალაში არსებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი სასწრაფო შესწავლა.” თუმცა რადგანაც სამართალდამცველ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს, კოალიცია გამოდის წინადადებით, რომ უწყებათშორისი კომისიის ეგიდით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ პრობლემას.
XS
SM
MD
LG