Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, რომელიც 2011 წელს მოიცავს და მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის საქართველოსაც გულისხმობს. როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოში კვლავაც რჩება რელიგიურ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები. ანგარიშის ავტორები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხს მოიაზრებენ. პრობლემად რჩება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული საკანონმდებლო და საგადასახადო სტატუსი. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხს, - აღნიშნულია, რომ, რელიგიურ უმცირესობათა განცხადებით, ხშირად სკოლებში რელიგიის გაკვეთილი მართლმადიდებლური კატეხიზმოს კურსებად იქცევა.

”საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა კანონი იცავს საქართველოში რელიგიის თავისუფლებას” - ასე იწყება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელიც 2011 წელს მოიცავს და სადაც საქართველოს, 199 ქვეყანას შორის, ცალკე თავი ეთმობა. ანგარიშის პირველივე აბზაცის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ავტორების აზრით, რელიგიის თავისუფლების კუთხით სხვადასხვა საკანონმდებლო ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორის არის გასული წლის ივლისში სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს; ასევე ცვლილება კანონში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ადამიანს შეუძლია ”საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად”, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ის ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურით შეცვალოს.

სომხეთში, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, უკვე არსებობს გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ადრე არ ყოფილა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა ცოტა რთული პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ...

თუმცა ანგარიშის ავტორები იმასაც მიუთითებენ, რომ, მიუხედავად ჩამოთვლილი პოზიტიური ძვრებისა, კვლავაც პრობლემად რჩება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევად შეიძლება მოვიაზროთ. მათ შორის ერთ-ერთი პირველია რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხი. შეგახსენებთ, რომ დღემდე დავის საგნად არის ქცეული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ექვსი უმოქმედო სომხური ეკლესია, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და, პარალელურად, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხუთი ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობა, რასაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” დამფუძნებელი არნოლდ სტეპანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა გვარდება და ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა კიდეც, თუმცა, სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, ის პრობლემის გადაწყვეტის უახლოეს პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს:

”სომხეთში, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, უკვე არსებობს გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ადრე არ ყოფილა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა ცოტა რთული პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის. ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ასევე მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს სომხეთსა და საქართველოში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები თავს შეიკავებენ გადადგან ასეთი ტიპის ნაბიჯები, რადგან ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს პოლიტიკური ელიტების იმიჯზე ორივე ქვეყანაში.”

როდესაც კლასში შედის ადამიანი, რომელიც იწყებს ლოცვას, ეკითხება მოსწავლეებს არიან თუ არა მონათლულები და შემდეგ ამბობს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი რელიგია ...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული, არის რელიგიის სწავლება სკოლებში. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, რელიგიურ უმცირესობათა განცხადებით, ხშირად სკოლებში რელიგიის გაკვეთილი მართლმადიდებლობის ქადაგებად არის ქცეული. თეოლოგი ლევან აბაშიძე საქართველოს განათლების შესახებ კანონზე მიუთითებს და ამბობს, რომ რელიგიის სწავლება სკოლებში სწორედ ამ კანონით არის დარეგულირებული. მისი თქმით, კანონის მიხედვით, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონფესია, არამედ მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ცოდნა ზოგადად რელიგიების შესახებ. როგორც ლევან აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, აშკარად ირღვევა განათლების შესახებ კანონი:

”როდესაც კლასში შედის ადამიანი, რომელიც იწყებს ლოცვას, ეკითხება მოსწავლეებს არიან თუ არა მონათლულები და შემდეგ ამბობს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი რელიგია და სხვა არა, ეს არის კანონის დარღვევა და ამის გაკონტროლება თავად სკოლას მოეთხოვება”, - ამბობს ლევან აბაშიძე.

რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა პენიტენციარულ დაწესებულებებში - ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში წერს. მიუხედავად 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ციხეებში დაიშვებიან სხვადასხვა კონფესიების ღვთისმსახურები, ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები აღჭურვილია მართლმადიდებლური ხატებით და სალოცავი კუთხეებით, რელიგიურ უმცირესობებს კი არ ეძლევათ საშუალება ღვთისმსახურება აღასრულონ. ანგარიშის ავტორები წერენ იმის შესახებაც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა გადასახადისგან ათავისუფლებს, თუმცა ისინი იმასაც შენიშნავენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია გათავისუფლებულია ბევრი იმ გადასახადისგან, რომელსაც სხვა რელიგიური ორგანიზაციები იხდიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG