Accessibility links

logo-print

გვალვები აშშ-ში და მისი შესაძლო ნეგატიური შედეგები მსოფლიოსათვის


ისტორიული მასშტაბის გვალვებმა ამერიკის ბევრ შტატში გაანადგურა მარცვლეული კულტურები. თუმცა არა მხოლოდ ამერიკელი ფერმერები არიან სტიქიის შედეგებით შეძრწუნებულნი. გამანადგურებელი გვალვის შედეგები ნეგატიურად აისახება მსოფლიოში სურსათის ფასებზე და ეს შესაძლოა ახალი გლობალური პრობლემის მიზეზიც გახდეს.

ასეთი გვალვა ამერიკელ ფერმერებს 50 წელიწადია არ უნახავთ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უჩვეულოდ ცხელმა ზაფხულმა ქვეყნის ნათესების ორი მესამედი დააზიანა. დეპარტამენტის პროგნოზით, მომავალ წელს პროდუქტების ფასები შიდა ბაზარზე 3-4 პროცენტით მოიმატებს.

გვალვებმა და უწყლობამ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ხორბლისა და სიმინდის ნათესებს. გვალვების გამო აშშ-ში ამ კულტურის მთელი მოსავლის 78 პროცენტს ემუქრება საფრთხე, ასევე დაზარალდა სოიას ნათესების 11 პროცენტი. სიმინდსა და სოიაზე ფასების ზრდამ ფასების მატება განაპირობა ხორბალზე. მსოფლიო ბანკის თანახმად, უკვე შუა ივნისში 40-50 პროცენტით გაიზარდა ფასები პურის ფქვილზე.

„ამჟამინდელი გვალვები, რაც მსოფლიოში საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ ხდება, გაცილებით უფრო სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე მოელოდა. ის უსასტიკესია სიმინდისა და სოიას მსოფლიო ბაზრებთან მიმართებით“, ამბობს მსოფლიო ბანკის აგრარული სფეროსა და სოფლის განვითარების პროგრამების ყოფილი დირექტორი რობერტ ტომპსონი.

მსოფლიო ბანკმა პირობა დადო, რომ მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად ყველაზე ღარიბ სახელმწიფოთა მთავრობებს ერთჯერადი დაფინანსებითა და სხვა პროგრამებით დაეხმარება.

ჩვენ მიერ მიწოდებულ სურსათზე ფასების საშუალოდ 10 პროცენტიანი ზრდა კი ნიშნავს, რომ წელიწადში იმავე პროდუქტების შესაძენად ჩვენ 200 მილიონი დოლარით მეტი დაგვჭირდება ...

ტომპსონის თანახმად, არც ის არის მოულოდნელი, რომ, როგორც 2008 წლის ეკონომიკური და სასურსათო კრიზისის დროს იყო, ზოგიერთმა ქვეყანამ მოახდინოს ზეწოლა მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე. 4 წლის წინ ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი შეამცირა, უკრაინამ და რუსეთმა კი მკაცრად შეზღუდეს ხორბლის საზღვარგარეთ გატანა.

მით უფრო, რომ წელს აშშ-ის თავს დატეხილი გვალვები არ არის „გამონაკლისი“. წვიმების ნაკლებობამ რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთშიც შეამცირა ხორბლის მოსავალი.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფიციალური წარმომადგენელი რენე მაკგაფინი შიშობს, რომ ხორბალსა და სიმინდზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე, რომელიც მილიონობით ადამიანის სურსათით უზრუნველყოფაზე ზრუნავს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ავღანეთი, ეთიოპია, ერაყი და ყირგიზეთი:

ვერაფერი დაამხობს მთავრობას მშიერ ხალხზე უფრო ჩქარა ...

„მაღალი და ცვალებადი ფასები სურსათზე დააზარალებს მსოფლიოს სასურსათო პროგრამას, რადგან ჩვენ გვაქვს ორი გზა, რომლითაც მსოფლიოში ყველაზე დამშეულებს ვეხმარებით. ჩვენ უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადოთ სურსათის შესაძენად. ჩვენ მიერ მიწოდებულ სურსათზე ფასების საშუალოდ 10 პროცენტიანი ზრდა კი ნიშნავს, რომ წელიწადში იმავე პროდუქტების შესაძენად ჩვენ 200 მილიონი დოლარით მეტი დაგვჭირდება. ამავ დროს, მერყევი ფასები სურსათზე კიდევ უფრო გაზრდის დახმარების მსურველი ადამიანების რაოდენობას.“

სოფლის მეურნეობის ექსპერტ რობერტ ტომპსონის თანახმად, ამერიკაში გვალვების გამო მოსავლის განადგურების შედეგები სურსათის მსოფლიო ბაზრებზე სრულად რამდენიმე თვეში აისახება.

სურსათზე ფასების მატება კი ადამიანებს ძალაუნებურად 2001 წელს ახსენებს, როდესაც სურსათზე ფასების მატებამ არაბულ სამყაროში სახალხო აჯანყებები დააჩქარა.

„ვერაფერი დაამხობს მთავრობას მშიერ ხალხზე უფრო ჩქარა“, - ამბობს ტომპსონი, რომელსაც არ უკვირს, თუ რატომ არიან პანიკაში როგორც მომხმარებლები, ისე მთავრობები ამერიკაში გვალვით გამოწვეული მარცვლეული კულტურის მოსავლის შემცირების გამო.
XS
SM
MD
LG