Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გორ ვიდალი


გორ ვიდალი, 2006 წელი
გორ ვიდალი, 2006 წელი
გორ ვიდალი - ლეგენდარული მწერალი, დრამატურგი და კომენტატორი - ლოს ანჟელესში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულება გახდა.

ვიდალი ავტორია ცნობილი რომანებისა: „ქალაქი და სვეტი“, „ლინკოლნი“, „მაირ ბრეკენრიჯი“ და ბერი“.

ხანდაზმული მწერლის გარდაცვალება მსოფლიომ ვიდალის ნათესავი ქალისგან შეიტყო. იგი მარტოობაში ცხოვრობდა და დიდხანს ავადმყოფობდა. წერა ვიდალმა 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც, მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო სამსახურს გადიოდა ალიასკაზე. მწერლის წიგნმა „ქალაქი და სვეტი“ 1948 წელს ნამდვილი სენსაცია მოახდინა, რადგან ეს იყო ვიდალის პირველი მოთხრობა, რომელშიც მწერალმა ღიად აღწერა ჰომოსექსუალი მამაკაცის ხასიათი.

ამასთან, ვიდალი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი თაობის ბევრ ცნობილ მწერალთან, არ ერიდებოდა კოლეგების კრიტიკას. ცნობილია, რომ გორი ვიდალმა კლოუნი უწოდა ერნესტ ჰემინგუეის, ხოლო ტრუმენ კაპოტე „ბინძურ ცხოველს“ შეადარა.

1960-70-იან წლებში გორ ვიდალი ტელევიზიაში პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობდა. იგი ავტორია ესეებისა, რომლებიც პოლიტიკას, ლიტერატურას და ამერიკის საზოგადოების ცხოვრებას ეძღვნებოდა. კომენტატორის ამპლუაში იგი ხშირად ეპაექრებოდა ნორმან მილერს, უილიამ ბაკლისა და სხვებს. გორ ვიდალმა ყველაზე ექსცენტრული განცხადება 2001 წელს „როიტერსთან“ ინტერვიუში გააკეთა, როდესაც მწერალი ოკლაჰომა-სიტიში მოწყობილი სისხლისმღვრელი ტერაქტის ორგანიზატორის, ჯეიმს მაკვეის სასამართლო პროცესზე საუბრობდა. არმიის ყოფილმა რეზერვისტმა 1995 წელს აფეთქება მოაწყო ოკლაჰომა-სიტის ფედერაციულ შენობასთან, რომლის დროსაც 168 კაცი დაიღუპა. გორ ვიდალმა ჯეიმს მაკვეის მკვლელად ჩამოყალიბებაში ბრალი ფედერალურ ხელისუფლებას დასდო:

„მისი სიკვდილით დასჯის პროცესზე დასწრების უფლება ექვს მოწმეს მისცეს. ვიქნები თუ არა მე ერთი მათგანი? ვინაიდან მე ვეწინააღმდეგები სიკვდილით დასჯას, ასევე ვეწინააღმდეგები ადამიანების მკვლელობას ოკლაჰომა-სიტიში და ვეწინააღმდეგები ფედერალური მთავრობის მიერ ადამიანების დახოცვას ქალაქ ვაკოში, ტეხასის შტატში, რამაც მაკვეის ამ ქმედებისკენ უბიძგა, მე ვამბობ, დიახაც, მე წავალ ტერ ჰაუტში, სიკვდილით დასჯის პროცესზე. ასე რომ, მე გზაში ვარ.“

გორ ვიდალი ლიბერალური ღირებულებების მიმდევარი იყო და ერაყში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას, მხარს უჭერდა რელიგიურ თავისუფლებას. ერთხელ გორ ვიდალმა ამერიკას „სულელებისა და უცოდინრების“ ქვეყანა უწოდა და, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, უფრო მეტ დროს იტალიის ზღვის პირას მდებარე ერთ-ერთ ვილაში ამჯობინებდა ცხოვრებას. იგი საბოლოდ 2003 წელს დაბრუნდა აშშ-ში, როდესაც მისი ახლო მეგობარი ჰოვარდ ოსტინი დაიღუპა 50 წლის ასაკში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG