Accessibility links

logo-print
4 აგვისტოს 100 წელი სრულდება რაულ ვალენბერგის დაბადებიდან. შვედი დიპლომატი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით უნგრელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტს, მრავალთა აზრით, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში უნდა დაღუპულიყო.

თუმცა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთში რაულ ვალენბერგის ასი წლის იუბილეს უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ. რუს ებრაელთა კონგრესმა დააფინანსა მცირე ცერემონია და დისკუსია, რომელიც 3 აგვისტოს მოსკოვში, ჰოლოკოსტისა და ებრაელთა მემკვიდრეობის მუზეუმში გაიმართა. რაულ ვალენბერგის ხსოვნის დღესასწაულს ესწრებოდნენ ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები შვეციიდან, უნგრეთიდან და ჰოლანდიიდან. თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალა გერბერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრას არც ერთი მაღალი რანგის რუსი მოხელე არ დასწრებია:

„გულწრფელად გეტყვით, რომ მე არ ველოდები ხელისუფლების რომელიმე წევრის მოსვლას. საერთოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ ეს თემა, გარკვეულწილად, მობეზრდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს თემა მათთვის ამოწურულია, ჩვენთვის კი - არა.“

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში შვეციის საელჩოში მომუშავე რაულ ვალენბერგმა დაახლოებით 20-დან 100 ათასამდე უნგრელი ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს. დიპლომატი, რომელიც იმხანად 32 წლის იყო, ებრაელებს შვეციის მთავრობის მიერ გამოცემულ „მფარველობის პასპორტებს“ ურიგებდა. ასევე მან დაარწმუნა ბევრი ნაცისტი ოფიცერი, უარი ეთქვათ ბუდაპეშტის ებრაული გეტოების განადგურებაზე. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ნაცისტებმა დაახლოებით 550 ათასამდე უნგრელი ებრაელი გაანადგურეს.

ხოლო როდესაც „წითელმა არმიამ“ უნგრეთის ოკუპაცია მოახდინა, შვედი დიპლომატი საბჭოთა კონტრდაზვერვამ შეიპყრო. საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ ვალენბერგი 1947 წლის 17 ივლისს მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ სინამდვილეში ვალენბერგი სიკვდილით დასაჯეს.

შვედი დიპლომატის ბედი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული ისტორიაა.

შვედეთ-რუსეთის კომისია, რომელმაც ფაქტის მოკვლევა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, 2011 წელს დაიშალა.

2009 წლის ნოემბერში მოულოდნელად რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მკვლევართა ჯგუფს უთხრეს, რომ კაცი, „პატიმარ ნომერ 7-ის“ სახელით ცნობილი, „დიდი ალბათობით“, რაულ ვალენბერგი იყო.
როგორც ჩანს, ვალენბერგი ფიზიკურად გაანადგურეს, ანუ შეგნებულად მოკლეს და მოსკოვი ამას დღემდე მალავს ...

დოკუმენტების თანახმად, „პატიმარი ნომერი 7“ 1947 წლის 23 ივლისს დაიკითხა, ე.ი. მაშინ, როდესაც, ადრე გავრცელებული ცნობებით, შვედი დიპლომატი ექვსი დღის მკვდარი უნდა ყოფილიყო.

სუზან ბერგერი, აშშ-ში მოღვაწე გერმანელი ისტორიკოსი, რომელიც დიდი ხანია სწავლობს ვალენბერგის საქმეს, ერთ-ერთი წევრია მკვლევართა იმ ჯგუფისა, რომელმაც ზემოხსენებული აღმოჩენა გააკეთა. სუზან ბერგერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუსაჯაროებია ყველა საჭირო დოკუმენტი:

„პროგრესი არსებობს, გარკვეულწილად, იმ თვალსაზრისით, რომ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ვალენბერგის საქმესთან პირდაპირ დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რაც არ იყო ხელმისაწვდომი შვედურ-რუსული სამუშაო ჯგუფისათვის, ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის არქივებში.“

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “მემორიალის“ წევრი ნიკიტა პეტროვი კი ამბობს, რომ საბჭოთა კაგებეს მემკვიდრე ფედერალური უშიშროების სამსახური ხელს უშლის გამოძიებას:

„რაც მთავარია, ყოველივე აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: როგორც ჩანს, ვალენბერგი ფიზიკურად გაანადგურეს, ანუ შეგნებულად მოკლეს და მოსკოვი ამას დღემდე მალავს.“

ეს, რაც შეეხება გამოხმაურებას რუსეთში.

4 აგვისტოს ისრაელში, უნგრეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მიაგებენ პატივს რაულ ვალენბერგის ღვაწლს. შვეციაში ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია იქნება იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც შაბათს სტოკჰოლმთან ახლოს ხსოვნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-ის კონგრესმა რაულ ვალენბერგი სიკვდილის შემდგომ კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ვალენბერგის ასი წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილ საგანგებო აქტს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG