Accessibility links

logo-print

შპს ”ბურჯი” თანამშრომლებისთვის ჩაიკეტა


აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ორხევში მდებარე შპს ”ბურჯის” კუთვნილ ობიექტებზე 6 აგვისტოს დილიდან შევიდნენ და ქონების აღწერა დაიწყეს. აღსრულების ბიუროს განცხადებით, ეს კანონიერი პროცედურაა, რადგან კომპანია 2 აგვისტოს გამართულ აუქციონზე გაიყიდა და მას ახალი მფლობელისათვის გადასაცემად ამზადებენ. აღწერის პროცესს ”ბურჯის” თანამშრომლები, რომლებსაც შენობაში აღარ უშვებდნენ, გარედან ადევნებდნენ თვალს. ვინ გახდა ”ბურჯის” ახალი მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია.

შპს "ბურჯი", რომელიც სასამართლომ ერთი თვის წინ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე 8 მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმა, 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513 55 ლარად გაიყიდა. თანხა ჯერ გადახდილი არ არის. ახალ მფლობელს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, ამ თანხის გადახდის ვადა 13 აგვისტომდე აქვს, თუმცა ”ბურჯის” თანამშრომლებს კომპანიის კუთვნილი ობიექტების დაცლა უკვე 6 აგვისტოს დილიდან მოსთხოვეს. შპს ”ბურჯის” შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლილაუშვილი გვეუბნება, რომ ორხევში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის - სასაწყობე მეურნეობის - ფართის ნაწილი მათ გაქირავებული ჰქონდათ. შესაბამისად, მუშაობის საშუალება არც კონტაქტორ ორგანიზაციას ეძლევა:

”ჩვენს გარდა, ამ კომპანიების თანმშრომლებსაც არ უშვებენ. ჩვენ ოფიციალური დოკუმენტიც მოვითხოვეთ, თუ რის საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი, რატომ არ გვიშვებენ შენობაში, და მათ გვითხეს, რომ ეს შპს ”ბურჯის” ახალი მესაკუთრის სასარგებლოდ კეთდება. არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. მართალია, გაიყიდა, მაგრამ მყიდველს ჯერ ფინანსური ვალდებულებაც არ შეუსრულებია, ჩვენ მისი ვინაობაც კი არ ვიცით.”

შპს „ბურჯის“ ადვოკატი ალა კახნიაური ამბობს, რომ შპს "ბურჯის" ობიექტებში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდნენ. მისი ინფორმაციით, ინტერნეტაუქციონში ორი კომპანია მონაწილეობდა. კანონით დაწესებული პროცედურის მიხედვით, ახალმა მფლობელმა თანხა ათი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოსთხოვოს ძველ მფლობელს ტერიტორიის დაცლა:

”თანხის გადახდის შემდეგ გაიცემა განკარგულება ამ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ, შემდეგ აღნიშნულ ქონებას რეესტრში თავის სახელზე იფორმებს ახალი მფლობელი, შემდეგ მიმართავს ძველ მესაკუთრეს, რათა მან გადასცეს ეს ქონება, ხოლო თუ ძველი მესაკუთრე უარს განაცხადებს ამ ქონების გადაცემაზე, შემდეგ მიდის აღსრულების სამსახური და მოითხოვს ფართის გათავისუფლებას.”

აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს ”ბურჯის” ყველა ობიექტზე მივიდნენ. ესენია სასაწყობე მეურნეობა ორხევში, მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახური ნავთლუხის დასახლებაში, შპს ”ბურჯის” კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სოლოლაკში და კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც საჩხერეში მდებარეობს. როგორც გიორგი ლილუაშვილი განმარტავს, კომპანიის შვიდასამდე თანამშრომელს ”ბურჯის” ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების დღიდან კუთვნილი ხელფასი აღარ აუღია. შეინარჩუნებენ თუ არა ისინი სამსახურს, ეს უკვე ახალი მფლობელის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადების თანახმად, კომპანია ”ბურჯმა” 2012 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე პერიოდში შეიძინა 54 ერთეული - დაახლოებით 860 ათასი ლარის ღირებულების - ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ცალი ავტობუსი და 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ”ამ ავტომანქანებით ხდებოდა როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას”... თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 7 ივლისს გამართულ სხდომაზე დაადასტურა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობა და კომპანია „ბურჯს“, ჯარიმის სახით, 8 მილიონ 600 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 6 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

”ელექტრონული აუქციონი შპს "ბურჯის" ქონებაზე 2 აგვისტოს დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს სრულად, რის შემდეგაც ის გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი. შესაბამისად, შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად.

შეგახსენებთ, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #4/2756-12 და 4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, შპს ,,ბურჯს" ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267,35 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც განხორციელდა შპს "ბურჯის" ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, სადაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონზე "ბურჯის" ქონების საწყისი ფასი კი 5 153 831.50 ლარს შეადგენდა.

აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ".

2 აგვისტოს გამართულ აუქციონზე კი, ”ბურჯის” კუთვნილ 203 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, გაყიდულია: ახვლედიანის #211-ში მდებარე 12 ათასი კვ.მ ფართი; თბილისში, სამგორის ჩიხი #14-ში მდებარე სასაწყობე ფართი 9 ათას 43 კვადრატული მეტრი; საჩხერეში მდებარე 2300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 კვ.მ შენობა; საჩხერეში - ფეიქართა გორაზე - 1990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; საჩხერეში - ფეიქართა გორაზე - 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, სოლოლაკის ხეივანი #6-ში მდებარე 473 კვ.მ შენობის ფართი; თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის #42-ში მდებარე 10 ათას 482 კვ.მ მიწის ფართობი.
XS
SM
MD
LG