Accessibility links

logo-print
”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივამ, 7-8 აგვისტოს ორი დღით შეწყდეს საარჩევნო კამპანია და გლოვის დღეები ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გარეშე აღინიშნოს, საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიების ნაწილი გააღიზიანა. მათი განცხადებით, ომის მეოთხე წლისთავს ყველა პოლიტიკური პარტია ისე აღნიშნავს, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” კი ”ნაციონალების” წინადადებას წინადადებითვე უპასუხა და დუმილის შენარჩუნება და აგვისტოს დღეებში დატრიალებული ტრაგედიის გამო ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 და 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება გამოსცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი საზოგადოებას გააცნო ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, ორი დღით შეწყდეს საარჩევნო კამპანია, და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა პოლიტიკური განცხადებებისაგან თავი შეიკავონ:

”ჩვენ ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას ამ ორი დღის განმავლობაში. საარჩევნო კამპანიის ნაწილია ისიც, რომ ჩვენს ოპონენტებს ვუპასუხო. პასუხი გასაცემი ნამდვილად მაქვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენივე ინიციატივა არ დავარღვიო, ამას გავაკეთებ 9 აგვისტოს.”

პასუხის ადრესატი ამ შემთხვევაში კოალიცია ”ქართული ოცნებაა”, რომლის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ, 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების ინიციატივას ასე უპასუხა:
ღონისძიებები დაგეგმილი გვაქვს გორში, სენაკში... ვიღაცისთვის შესაძლოა ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს, ვიღაცამ თქვას, რომ არა ...

”კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე ისე დაგეგმა საარჩევნო კამპანია, რომ ამ დღეებში არ გამართულიყო რაიმე მასობრივი ღონისძიება. რაც შეეხება ლოკალური მასშტაბის საარჩევნო შეხვედრების ჩატარებას და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამ მხრივ ჩვენი შტაბები და კანდიდატები მუშაობას არ წყვეტენ. ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, რომ, მართლაც, ამ ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს სრული დუმილი და ამით მაინც მოიბოდიშოს იმ უბედურებისათვის, რაც მათი უგუნური პოლიტიკის გამო ქვეყანას თავს დაატყდა.”

7-8 აგვისტოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები ”ქრისტიან-დემოკრატებმაც” ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმეს, ამბობს ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე:

”ღონისძიებები დაგეგმილი გვაქვს გორში, სენაკში... ვიღაცისთვის შესაძლოა ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს, ვიღაცამ თქვას, რომ არა და ამაზე ბევრი ვიდაოთ, მაგრამ ფაქტია, ეს დღეები რომ უნდა მიეძღვნას ომს და მაშინ დაღუპულ ადამიანებს, ცხადზე ცხადია და ამას მიხეილ მაჭავარიანისგან ჭკუის დარიგება და მოწოდება ნამდვილად არ სჭირდება.”

”ჩვენ 8 აგვისტოს ისედაც დაგეგმილი გვქონდა კონფლიქტის ზონაში ღონისძიება ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც აგვისტოს ომში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას ეძღვნებოდა ...

”ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე კი არაკორექტულს უწოდებს ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას საარჩევნო კამპანიის ორი დღით შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, პარტიული ღონისძიებები - თუნდაც დაღუპულთა საფლავებისათვის პატივის მიგება - უკვე არის პოლიტიკური აქცია:

”ჩვენ 8 აგვისტოს ისედაც დაგეგმილი გვქონდა კონფლიქტის ზონაში ღონისძიება ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც აგვისტოს ომში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას ეძღვნებოდა და გამოდის, რომ ახლა ”ნაციონალური მოძრაობის” მოწოდების მიხედვით წარიმართება დღის წესრიგი და ეს ასე ნამდვილად არ არის. თანაც, თუნდაც ის, რომ ჩვენ 8 აგვისტოს იქ მივალთ, ეს, გარკვეულწილად, პოლიტიკური აქციაა უკვე, ზეიმს კი ისედაც არავინ გეგმავდა ამ დღესთან დაკავშირებით.”

ფიქრია ჩიხრაძე იხსენებს, რომ აგვისტოს ომის დღეებში სწორედ ”ახალ მემარჯვენეებს” ეკუთვნოდა მორატორიუმის ინიციატივა, რომელიც გარკვეული ხნით პოლიტიკური დებატების შეწყვეტას გულისხმობდა და ომის ფაქტორმა ამ იდეის გარშემო პოლიტიკური ძალების გაერთიანება შეძლო. დღეს კი, ომიდან ოთხი წლის შემდეგ, ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას რა ტიპის ღონისძიებები უნდა ჩაატაროს.

მიხეილ მაჭავარიანის აზრით კი, პარლამენტის წინ გლოვის ნიშნად დროშის დაშვება არ შეიძლება ჩაითვალოს პარტიულ საქმიანობად და საარჩევნო კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც პარაკლისზე მისვლა ან დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება, მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. მაჭავარიანი ამბობს, რომ არის დღეები, მათ შორის, 7-8 აგვისტო, 27 სექტემბერი, როცა ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს.
2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ხსოვნის კვირეულის განმავლობაში როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ოპოზიციური პარტიების წევრები ამ თარიღის აღნიშვნას, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - მათ შორის, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებშიც - გეგმავენ.
XS
SM
MD
LG