Accessibility links

ვინ იყიდა დაყადაღებულთა ქონება აუქციონზე


"ელიტა ბურჯის" ქონება აუქციონზე გაიყიდა

"ელიტა ბურჯის" ქონება აუქციონზე გაიყიდა

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძინა აუქციონის გზით 3 და 6 აგვისტოს გაყიდული ქონება, ამ ქონების ყოფილი მეპატრონეებისთვისაც უცნობია. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ხსენებულ აუქციონებზე ძირითადად კოალიცია ”ქართული ოცნების” შემომწირველთა დაყადაღებული ქონება და, კერძოდ, 13 ერთეული გაიყიდა, ხოლო მყიდველთა გვარები, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ ჩაერთვნენ ამ პროცესში უცხოეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დაყადაღებულთა დახმარება გადაწვიტეს.

გიგა ბუკია ერთ-ერთია მათ შორის, ვისი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთიც 3 აგვისტოს აუქციონზე გავიდა და, დაახლოებით, 313 ათას ლარად გაიყიდა. ამ სახით კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხობში ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი იმ 35 ათასლარიანი შემოწირულებისთვის დაისაჯა, რომელიც მან თავის პარტიას გაზაფხულზე გადაურიცხა და რომელიც დაუსაბუთებლად მიიჩნია პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა. სახლის გაყიდვამ გიგა ბუკია, მეუღლესა და 2 შვილთან ერთად, პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დარჩენის კანდიდატად აქცია, მაგრამ, როგორც მან 7 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, მეგობრული ადამიანების დახმარებით ასეთი საფრთხე არ არსებობს და რომ იმედები ოქტომბრის არჩევნებსაც უკავშირდება:
იმდენმა ადამიანმა შემომთავაზა საცხოვრებელი, რომ შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი ქალაქი, ნებისმიერი რაიონი და ნებისმიერი უბანი... მთავარია, რომ ამ ხელისუფლებას 2 თვე აქვს დარჩენილი ...

”იმდენმა ადამიანმა შემომთავაზა საცხოვრებელი, რომ შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი ქალაქი, ნებისმიერი რაიონი და ნებისმიერი უბანი... მთავარია, რომ ამ ხელისუფლებას 2 თვე აქვს დარჩენილი, რის შემდეგაც (ჩემი საქმე უკვე სტრასბურგშია გასაჩივრებული და...), კანონის მიხედვით, ქონებასაც დავიბრუნებ და საკმაო ჯარიმის გადახდაც მოუწევთ იმ პიროვნებებს, ვინც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა.”

გიგა ბუკია ამბობს, რომ განსხვავებას მისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობასა და აუქციონზე მის ქონებაში გადახდილ თანხას შორის, ოჯახის წევრებთან ერთად, ის კვლავ ”ქართულ ოცნებას” გადაურიცხავს. ამასთან, მისთვის სულერთი არ არის, თუ ვინ შეიძინა აუქციონზე მისი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, თუმცა ამის გარკვევას გიგა ბუკია ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ ფულის გადასარიცხად მყიდველს 10-დღიანი ვადა აქვს, 3 და 6 აგვისტოს აუქციონებზე ქონების მყიდველთა ვინაობით დაინტერესებულ პირებს ლოდინი, შესაბამისად, 13 და 16 აგვისტომდე მოუწევთ. ხოლო 7 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მხოლოდ იმის გაგება გახდა შესაძლებელი, რომ 3 აგვისტოს ინტერნეტაუქციონზე გატანილი იყო 9 პირის 15 ერთეული ქონება, საიდანაც გაიყიდა 8 ერთეული; ხოლო 6 აგვისტოს გატანილი იყო 3 პირის 5 ერთეული ქონება და, შედეგად, გაიყიდა ხუთივე. ბიუროს ინფორმაციით, ყველა, ვისაც ქონება გაუყიდეს, ერთის გამოკლებით, ”ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.

ვის შეიძლებოდა ეყიდა დაყადაღებულთა ქონება?

ამ შეკითხვის გარშემო ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 3 აგვისტოს ხელისუფლების მწვავე ოპონენტი, ბრიტანეთში მცხოვრები ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მოწოდებას აუქციონზე გატანილი ქონების მეპატრონეთა დახმარების თაობაზე. თავის განცხადებაში ბიზნესმენი მიუთითებს, რომ დახმარების მსურველი თანამემამულეების რიცხვი საკმაოდ დიდია და მათ შორის არიან როგორც ”წარმატებული და შეძლებული” ადამიანები, ასევე ისეთები, ვინც საზღვარგარეთ ”ლუკმაპურის საშოვნელად” იმყოფება. ”სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები”, - ვკითხულობთ ვანო ჩხარტიშვილის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ გვესმის, რომ უცხოეთიდან შემოსულ ყველა დახმარებას ხელისუფლება მიაწერს აუცილებლად რომელიღაც პოლიტიკურ ძალას ...

რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ დააზუსტა, მიიღო თუ არა ჩხარტიშვილმა მონაწილეობა 3 და 6 აგვისტოს გამართულ აუქციონებში. სამაგიეროდ, დააზუსტა, რომ ამ აუქციონებზე არაფერი შეუძენია საქველმოქმედო ფონდს, რომლის შექმნაც უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ასევე ჭაბუა ამირეჯიბის მოწოდების კვალდაკვალ გადაწყვიტეს. მათი გადაწყვეტილება 5 აგვისტოს გახდა ცნობილი. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ერთ დროს მმართველი პარტიის თანამოაზრემ, ხოლო აწ უკვე საფრანგეთში მცხოვრებმა, პოლიტიკური თავშესაფრის მქონე ზაურ გურგენიძემ 7 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, ფონდი ამჟამად დარეგისტრირებისა და დახმარების ლეგალური გზების გამოძებნის ეტაპზეა:

”ჩვენ გვესმის, რომ უცხოეთიდან შემოსულ ყველა დახმარებას ხელისუფლება მიაწერს აუცილებლად რომელიღაც პოლიტიკურ ძალას. ჩვენ შევეცდებით გავემიჯნოთ ასეთ ვითარებას. მე გახლავართ იურისტი და ძალიან კარგად ვიცი, რას რა შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ შევეცდებით, რომ აქაურ კანონმდებლობასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან მკაცრ შესაბამისობაში ვიმოქმედოთ. კონკრეტულად როგორ მოხდება ეს, ამას გვაჩვენებს რეალობა და ამას გვაჩვენებს მოთხოვნები, რა მოთხოვნაც ექნებათ ადამიანებს ჩვენი ფონდის მისამართით.”

ზაურ გურგენიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქველმოქმედო ფონდი შეძლებს დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთა ქონებაც აწი გავა გასაყიდად აუქციონზე და რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სავარაუდოდ, ამ სიაში იქნებიან, მაგალითად, თამაშა ჩიტაია, ბესიკ მუმლაური, მარიამ მეტრეველი და ვახტანგ ედიშერაშვილი, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართულ ოცნების” სახელზე შემოწირულება თებერვლის დასაწყისში განახორციელეს. დაკითხვის საფუძველზე კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ ხსენებულმა პირებმა შემოწირულება კანონის გვერდის ავლით განახორციელეს და შეწირული თანხის წარმომავლობა ვერ დაადასტურეს. მათი ადვოკატი ალა კახნიაური ფლობს ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთა საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში განიხილება:

”მათ სხვა ქონება არა აქვთ, გარდა იმისა, სადაც ცხოვრობენ... და, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი იქნება გატანილი აუქციონზე და, სავარაუდოდ, გაიყიდება. ისინი ქუჩაში დარჩებიან.”

ადვოკატი ალა კახნიაური ოთხივე დაზარალებულის ერთიან სარჩელს სტრასბურგის სასამართლოს დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში გაუგზავნის.
XS
SM
MD
LG